გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი 17 ქულითა და მოგებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური სტადიის პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე თურქეთის ქალაქ ბურსას „თოფაზი“ იყო, რომელმაც ესპანეთში მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და შერმადინის გუნდმა მხოლოდ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა – 78:77.

მაშინ, როდესაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელი ორი მატჩის ჯამში უნდა გამოვლინდეს, 1 ქულა არაფერს ნიშნავს – „ტენერიფემ“ 1/2 ფინალს რომ მიაღწიოს, განმეორებითი მატჩიც მოსაგები აქვს.

რაც შეეხება კანარის კუნძულებზე გამართულ შეხვედრას, ადგილობრივმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველი მეოთხედის 31:17 მოგების შემდეგ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დარჩენილ დროში სხვაობა კიდევ უნდა გაზრდილიყო. თუმცა „თოფაზმა“ ბოლომდე იბრძოლა და უკანასკნელ წუთებზე გამარჯვებასთანაც ახლოს იყო.

ტენერიფეს“ რიგებში 27 ქულით ფინელი სასუ სალინი გამოირჩა, რომელმაც 12-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. გიორგი შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 24 წუთი, 17 ქულა (8/5 ორქულიანი, 10-დან 7 საჯარიმო), 9 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა-დაფარება.

ტენერიფე“ ბურსაში განმეორებით შეხვედრას 12 აპრილს გამართავს.