გიორგი შერმადინის ზუსტი საჯარიმოებით „ტენერიფემ“ „ხუვენტუდი“ დაამარცხა და ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის ზუსტი საჯარიმოებით „ტენერიფემ“ „ხუვენტუდი“ დაამარცხა და ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის თასის 1/4 ფინალში კატალონიურ „ხუვენტუდს“ დაუპირისპირდა და 64:62 დაამარცხა.

თასის გათამაშება გრანადაში მიმდინარეობს, რომლის დარბაზში უხვად იყვნენ როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის გულშემატკივრები. მათ მეტად საინტერესო სანახაობა იხილეს – იყო მომენტი ტენერიფელები 17 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდში „ხუვენტუდმა“ თამაში გამოასწორა და საფინალო სირენამდე წუთით ადრე ორი ქულით დაწინაურდა (58:56).

კუნძულელებმა მალევე გააბათილეს ჩამორჩენა – შერმადინი-უერტასის პიკ-ენდ-როლის შემდეგ გიორგიმ ბურთი პერიმეტრზე გაიტანა, სატყორცნ პოზიციაში აღმოჩნდა სასუ სალინი და 59:58 „ტენერიფეს“ სასარგებლოდ. ამის მერე ყოველი გამოტანისას ბურთს შერმადინი იღებდა, ხუვენტუდელები ჯარიმდებოდნენ და საქართველოს ნაკრების ცენტრიც საჯარიმოს ხაზიდან იშვიათად ცდებოდა. საბოლოო ანგარიში უკვე მოგახსენეთ – 64:62.

გიორგის სრული მონაგარი ასეთი იყო: 31 წუთი, 12 ქულა (4/2 ორქულიანი, 13/8 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 18 მარგი ქმედების კოეფიციენტი.

იგი ერთადერთი ტენერიფელი იყო, რომელიც 10-ქულიან ნიშნულს ასცდა. „ხუვენტუდში“ კი საუკეთესო პარა იყო – 14 ქულა, 9 მოხსნა.