გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ხუვენტუდთან“ ბოლო წამებზე დამარცხდა #1TVSPORT
დრამატული მატჩი წააგო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში. კუნძულელებმა „ხუვენტუდს“ უმასპინძლეს და რიკი რუბიოს გუნდს პირველ ტაიმში 17 ქულითაც უგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში სტუმრებმა თამაში გამოასწორეს და ბოლო წამებამდე თანაბარი თამაში გაჩაღდა.
საფინალო სირენამდე 11 წამი რჩებოდა, როცა „ხუვენტუდი“ 100:98-ს იგებდა, „ტენერიფესა“ და ესპანეთის ნაკრების გამთამაშებელი ჰაიმე ფერნანდესი ფარქვეშ შეიჭრა და იმის ნაცვლად, რომ ბურთი კალათისკენ გაეშვა, პარტნიორს სამქულიანზე გაუტანა. მანაც ააცილა და „ხუვენტუდმა“ 100:98 გაიმარჯვა.
გიორგი შერმადინმა 11 წუთში 6 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი კი მისი თანაგუნდელი პატი მილსი გახდა – 30 ქულა. რიკი რუბიოს ანგარიშზე 17 ქულა დაფიქსირდა.
„ტენერიფე“ მომდევნო მატჩს 23 მაისს სტუმრად „გრანადასთან“ გამართავს.