გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე [ვიდეო] #1TVSPORT

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გადათამაშებაში მონაწილეობს გიორგი შერმადინის „ტენერიფე“. მისი და თურქული „კარშიაკას“ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. სერია ორ მოგებამდეა. პირველი მატჩი კანარის კუნძულებზე გაიმართა და „ტენერიფეს“ გამარჯვებით დასრულდა, მეორეს კი თურქეთმა უმასპინძლა და „კარშიაკამ“ 88:80 მოიგო.

შეხვედრის საწყის სამ პერიოდში უპირატესობას ესპანელები ფლობდნენ, თუმცა ადგილობრივი გულშემატკივრებით გაგულისებულმა და ამერიკელი კალათბურთელებით გავსებულმა „კარშიაკამ“ ბოლო პერიოდში მაღალი შედეგიანობა უჩვენა და ათწუთეული 25:15 მოიგო.

გიორგი შერმადინმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის დიდი ყურადღება მის განეიტრალებაზე იყო გადატანილი, გიომ ორმაგი დუბლის შესრულება მაინც მოახერხა:

31 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა მოაგროვა, რასაც 2-2 პასი-დაფარება მიამატა. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო – 25.

„კარშიაკას“ რიგებში შერმადინის ყოფილი თანაგუნდელი („კანტუდან“) ალექს ტიუსი გამოირჩა – 15 ქულა, 10 მოხსნა.

ამ გუნდებს შორის გამარჯვებული  გამოვლინდება მესამე მატჩში, რომელიც ტენერიფეში 20 იანვარს გაიმართება.