გიორგი შერმადინის მორიგი აღიარება - ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის საუკეთესოა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინი ესპანეთში კიდევ ერთხელ აღიარეს – 37-ე ტურში ყოფილ კლუბ „სარაგოსასთან“ ეფექტური თამაშისა და გამარჯვების შემდეგ ის ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტურის MVP-ად (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებმა „სარაგოსა“ სტუმრად 91:60 დაამარცხეს. 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი შეუჩერებელი იყო, 20 ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის კოეფიციენტით (31) არა მხოლოდ მატჩში ტურში ყველას აჯობა.

გიორგის სტატისტიკა ასეთი იყო: 24 წუთი, 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი. გიომ 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 ჰქონდა. ასეთი მაჩვენებლებით იგი შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე მიმდინარე გამოკითხვა სეზონის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად. „ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომელიც მართლაც მაღალ დონეზე ატარებს სეზონს, 19621 ხმა მიიღო და გულშემატკივრების გამოკითხვაში პირველობა არავის დაუთმო. ხმის მიცემა 27 აპრილს დაიწყო და 14 მაისს დასრულდა.

თუმცა მხოლოდ ქომაგების ხმები სეზონის საუკეთესოდ აღიარებისთვის საკმარისი არ არის. გამოკითხვაში მონაწილეობას ესპანეთის პირველობის („ლიგა ენდესა“)  მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები იღებენ. ამ ოთხი სეგმენტიდან თითოეულს (მოთამაშეები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფანები) 25-პროცენტიანი ძალა აქვს. შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება საერთო ჯამში მიღებული ხმების (პროცენტების) მიხედვით.