გიორგი შერმადინი - ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ მაღიარეს თუ არა, თანაგუნდელებმა მომწერეს, ხაჭაპური და პიცა არ დაგავიწყდესო (ვიდეო)

სამ მატჩში საშუალოდ 28.7 სარგებლიანობა, 18.3 ქულა, 15-დან 15 ორქულიანი – ასეთია გიორგი შერმადინის მონაგარი ოქტომბერში ესპანეთის ჩემპიონატში. ორქულიანი არ აუცილებიაო – ძახილის ნიშნით წერენ ესპანური სპორტული საიტები. ჩვენ დავძენთ, რომ გიორგის კარგი გარჯის წყალობით, „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატი ეფექტურად დაიწყო და ექვსი ტურის შემდეგ ამდენივე მოგება ჰქონდა, ვიდრე 1 ნოემბერს „ბარსელონასთან“ სტუმრად დამარცხდებოდა.

შერმადინი სამართლიანად დასახელდა ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელად. მას სარდინიაზე, ქალაქ სასარიში დავუკავშირდით და ესპანური ამბების პარალელურად საქართველოს ნაკრებზეც ველაპარაკეთ.

– ესპანეთის ჩემპიონატი სექტემბრის ბოლოს დაიწყო, „ტენერიფე“ შეჯიბრებას კარგად მომზადებული შეხვდა. გარდა იმისა, რომ სათანადო კონდიციებში ვართ, შემადგენლობაც მაღალი კლასისაა და პირადად ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ არის, შვიდი ტურის შემდეგ ლიდერებს შორის რომ ვართ. სხვათა შორის, კლუბის ხელმძღვანელობაც და გულშემატკივრებიც გახარებულები არიან – „ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატში საწყის 6 ტურში ამდენივე გამარჯვება აქამდე არ ჰქონია. ვიმედოვნებ, ასევე განვაგრძობთ.

– ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ თვის საუკეთესო კალათბურთელად კიდევ არაერთხელ გაღიარებენ…

– ძალებს არ დავიშურებ, რომ გუნდმაც წარმატებულად ითამაშოს და მეც კარგი სტატისტიკა მქონდეს. სწორედ ამას უნდა მოჰყვეს საუკეთესოდ აღიარება, თუმცა MVP-ის წოდების მიღება ძალიან რთულია. შარშან და შარშანწინ თითოჯერ დამასახელეს ტურის საუკეთესოდ.

– საშუალოდ, 18 ქულა გასაგებია, სამ მატჩში 15-დან 15 ორქულიანის რეალიზება მეტად დასაფასებელი შედეგია.

– ესპანეთის ჩემპიონატის პარალელურად, ჩემპიონთა თასზე ვთამაშობთ და თავიდან რომ მითხრეს, ოქტომბერში ორქულიანი არ აგიცილებიაო, გამიკვირდა. შემდეგ მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებს გადავხედე და მართლაც ასე ყოფილა. ყველაზე კარგი მაინც „უნიკახასთან“ თამაში გამოვიდა – 8-დან 8 ორქულიანი ჩავაგდე. ეს, როგორც ვთქვი, სათანადო კონდიციების დამსახურებაა, თუმცა დიდი როლი მწვრთნელსაც მიუძღვის, რომელიც ბოლომდე მენდობა და თამაშს წინახაზელებზე აწყობს. ცენტრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის გამთამაშებელი. „ტენერიფეში“ პლეიმეიქერის პოზიციაზე გამოცდილი მარსელინიო უერტასი გვყავს, რომელიც საოცარ პასებსაც მაძლევს და ბურთს თავადაც აგდებს. მისი დიდი დამსახურებაა „ტენერიფეს“ წარმატება.

– ესპანეთის ჩემპიონატში ტურის საუკეთესოდ აღიარების შემდეგ გუნდის ვარჯიშზე ხაჭაპური მიიტანე. ვნახე ვიდეო, რომელშიც ტენერიფელები აღფრთოვანებულები მიირთმევენ. ალბათ, ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარების შემდეგაც მოგიწევს გასახდელში ხაჭაპურით მისვლა…

– თებერვალში საკონტინენტთაშორისო თასი მოვიგეთ. ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში რომ შემიყვანეს, მომდევნო დღეს ვარჯიშზე შინ გამომცხვარი პიცებითა და ხაჭაპურით მივედი. ახლა, ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ რომ დამასახელეს, გუნდელები უკვე ელოდებიან ხაჭაპურს, პიცა არ დაგავიწყდესო, მწერენ.

– ნოემბერი „ბარსელონასთან“ მატჩით დაიწყო. როგორ ფიქრობ, შეიძლებოდა მოგება?

– რა თქმა უნდა. თავიდან ბოლომდე თანაბარი შეხვედრა იყო. ბოლოს წავაგეთ, თუმცა დავინახეთ, რომ შემდეგ თამაშებში მასთან გამარჯვება შეგვიძლია. თან, „ბარსასთან“ მომდევნო მატჩს ტენერიფეზე გავმართავთ. იქნებ, მანამდე გულშემატკივრების ნაწილი მაინც დაუშვან ტრიბუნებზე.

– გასულ სეზონზე ჩემპიონთა თასზე პლეიოფში დამარცხდით. წლევანდელ გათამაშებაში, ალბათ, პირველობაზე ფიქრობთ.

– რა თქმა უნდა. თუმცა ჯერ ამაზე კონკრეტულად ლაპარაკი ადრეა. ახლა იტალიის ქალაქ სასარიში ვართ, სადაც „დინამოსთან“ სათამაშოდ ვემზადებით. რთული იქნება, თუმცა უნდა მოვიგოთ. პირველი ამოცანა ჯგუფიდან გასვლაა.

– საქართველოს ნაკრები ნოემბრის ბოლოს „ევრობასკეტი 2022“-ის შესარჩევ მატჩებს ფინეთში გამართავს. მწვრთნელ ილიას ზუროსს ესპანეთში მოასპარეზე ქართველების დიდი იმედი აქვს.

– საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსვლა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. გარდა იმისა, რომ მოედანზე გამოვდივართ და საქართველოს სახელით ვიბრძვით, ნაკრების წევრები ერთმანეთს ვხვდებით. რთული საკლუბო სეზონის დროს სანაკრებო ფანჯრები ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. იმედი მაქვს, პანდემია ხელს არ შეუშლის, საკლუბო სეზონიც გეგმის მიხედვით გაგრძელდება და სანაკრებოც.