გიორგი შერმადინი - ესპანეთის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ჩამოვიტან ნატახტარში, სადაც უკვე ყანწით ელიან #1TVSPORT

გიორგი შერმადინი გულშემატკივრებმა, ესპანეთის ჩემპიონატის კალათბურთელებმა, მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა ლიგის საუკეთესო კალათბურთელად (MVP) აირჩიეს. მისი სიხარული და რეაქცია ბუნებრივი იყო:

 

„ორმაგად ბედნიერი დღე იყო! 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და, ალბათ, ღმერთმა ინება, რომ ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს დამასახელეს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ!

თითოეულ ქართველს გიხდით უღრმეს მადლობას გვერდში დგომისთვის, გულშემატკივრობისთვის და სიყვარულისთვის. ეს ჩვენ ერთად შევძელით.

თუმცა მადლობა ის სიტყვა არ არის, რისი თქმაც მინდა თქვენთვის – მეგობრებისთვის, ნაცნობებისთვის, უცნობებისთვის, რომლებიც გვერდში მიდგახართ, მუდამ მგულშემატკივრობთ და სითბოს არ იშურებთ.

დღევანდელი MVP არ არის მხოლოდ მორიგი ჯილდო, ის უკვე გახდა ჩემთვის განსაკუთრებული ბედნიერების სიმბოლო. როცა შენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს, დამოუკიდებლობის დღეს იღებ საუკეთესო მოთამაშის ტიტულს სხვაგვარად შეუძლებელია.

ამ ჯილდოს ჩამოვიტან საქართველოში, ჩემს მშობლიურ ნატახტარში, სადაც უკვე განსხვავებული სასმისებით ელიან.“

დატოვე კომენტარი