გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე 900 ქულას ასცდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე 900 ქულას ასცდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი მინიმალური სხვაობით დათმო იერუსალიმის „ჰაპოელთან“ – 68:69.

მატჩის წინ ფავორიტებად ესპანელები მოიაზრებოდნენ, რადგან ამ სეზონსაც მაღალ დონეზე ატარებენ და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონები არიან, თუმცა „ჰაპოელმა“, უმთავრესად სამქულიანი ტყორცნებით (9 ჩააგდო), კუნძულელებს ბოლო წამებზე აჯობა.

გიორგი შერმადინმა 29 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 პასი მოაგროვა. მან ამ შეხვედრაში ისტორიული შედეგიც დააფიქსირა – ჩემპიონთა ლიგაზე გადააბიჯა 900-ქულიან ნიშნულს (909 ქულა) და ამ მაჩვენებლით მეორეა ჩეხი ჰრუბანის შემდეგ. მას 996 ქულა აქვს.

20 ქულით მატჩის ბომბარდირი ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი გახდა.

მეორე ნახევარფინალში ოთხთა ფინალის მასპინძელი, მალაგის „უნიკახა“ 67:69 დამარცხდა გერმანულ „ბონთან“ და მესამე ადგილისთვის „ტენერიფეს“ ეთამაშება. მატჩი 14 მაისს გაიმართება. ფინალი ამავე დღეს შედგება და ერთმანეთს „ჰაპოელი“ და „ბონი“ დაუპირისპირდებიან.