გიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს
გიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დებატებში გამოიწვია.

განცხადება მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში თოქ-შოუში ,,პირისპირ“ გააკეთა.

„ზუგდიდის მერობა, ეს არ არის ზოგადი პოლიტიკური ინტერესების მიმართულება. ზუგდიდის მერი უნდა იყოს ხალხის მერი, ხალხის გვერდში მდგომი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში, ამიტომ მოსახლეობას გაურბოდე შიშის გამო, იმიტომ რომ რამე კრიტიკული არ მოისმინო, ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი. სამწუხაროდ ეს ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნო ფონად გასდევს. ჩვენთვის მთავარი არის, რომ ზუგდიდის მოსახლეობა იყო მაქსიმალურად ინფორმირებული, რათა გააკეთონ სწორი არჩევანი, რადგან ეს არის დემოკრატიული პრინციპის მთავარი ფუძე. ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ ბევრ საკითხზე.

მინდა, დღესვე პირდაპირ ეთერში მოვიწვიო ქალბატონი სანდრა რულოვსი დებატებში ,,საზოგადოებრივი მაუწყებელზე“, სადაც შეგვეძლება, პირისპირ ვისაუბროთ ყველა ამ საკითხზე პირდაპირ ეთერში. გავხდეთ ხალხისთვის თვალსაჩინო, რადგან ზუგდიდელი ხალხი იმსახურებს მეტ კომუნიკაციას“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

გიორგი შენგელიამ საკუთარ პროგრამასა და გეგმებზე ისაუბრა. სანდრა რულოვსმა კი, „იმედის” გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც გადაცემის წამყვანმა განაცხადა, მასთან მოლაპარაკებას ტელევიზია ორი დღის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა საბოლოოდ უარი მიიღეს.

ინფორმაციას „ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.