გიორგი შაშიაშვილი - „სამტრედიას“ ფეხბურთელი ნებისმიერ რგოლში სჭირდება #1TVSPORT
„სამტრედიამ“ თურქული შეკრება დაიწყო და უკვე სრული დატვირთვით ემზადება. ცნობილი გახდა, რომ გუნდი ამხანაგურ მატჩს 9 თებერვალს, ტაშკენტის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი შაშიაშვილმა „სამტრედიას“ მიმდინარე მოსამზადელ ეტაპზე ისაუბრა.
„მზადება 15 იანვარს დავიწყეთ და პირველ ეტაპზე აქცენტი ფიზიკურ დატვირთვებზე გადავიტანეთ. რამდენიმე მოთამაშე სინჯებზე იყო. თბილისში 4 საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ და ყველაფერი გამოჩნდა, კარგიც და ცუდიც.
ამის შემდეგ 21 მოთამაშით დავკომპლექტდით და თურქეთში ჩამოვედით, სადაც შეკრების მეორე ეტაპზე, სავარაუდოდ, 5 თამაშს გავმართავთ. პირველი მატჩი 9 თებერვალსაა დაგეგმილი, რომელსაც ტაშკენტის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ვითამაშებთ.
ვცდილობთ, რომ ფეხბურთელები კიდევ დავიმატოთ. ჩვენ ნებისმიერ რგოლში ისეთი ახალწვეული გვჭირდება, ვინც „სამტრედიას“ წაადგება და გაგვაძლიერებს. შეკრების პირობებს რაც შეეხება, იდეალური გარემო და მინდვრებია, ჩემპიონატის პირველი ტურის და მთლიანად სეზონისთვის მაქსიმალურად კარგად რომ მოვემზადოთ“, – ამბობს გიორგი შაშიაშვილი.