გიორგი შაშიაშვილი - საფეხბურთო აკადემია „ატლეტიკში“ გადავედი, რომლის მიზანიც ფიზიკურად და ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების აღზრდაა #1TVSPORT
გიორგი შაშიაშვილი ეროვნულ ლიგაში მუშაობის შემდეგ ბავშვთა ფეხბურთში გადავიდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა ახლახან დაფუძნებულ საფეხბურთო სკოლა „ატლეტიკში“ მუშაობა გადაწყვიტა, – ამის შესახებ მან პირველ არხთან ისაუბრა.
„მუშაობა ბავშვთა ფეხბურთში, აკადემია „ატლეტიკში“ დავიწყე, რომელიც ახლახან დაარსდა. „ატლეტიკის“ დამფუძნებელია ბიზნესმენი გიორგი გოგისვანიძე, რომელიც ქობულეთის „შუქურაშიც“ გვერდში მედგა. ჯერ 2011 წელს დაბადებულების გუნდი ჩამოყალიბდა, მაგრამ მალე მათი რაოდენობა გაიზარდება, რადგან აკადემიის დამფუძნებელს სტადიონების აშენება სურს, რათა ბავშვებს სავარჯიშოდ კარგი გარემო ჰქონდეთ. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, მინიმუმ, ორი სტანდარტული მოედნის აშენება.
რატომ ვამჯობინე საფეხბურთო სკოლაში მუშაობა დიდების ფეხბურთში საქმიანობას? ქართველ მოთამაშეებზე მოთხოვნა გაიზარდა. გვინდა, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გავზარდოთ და ამ საფუძველზე ჩამოყალიბებული კლუბით ეროვნულ ლიგაში ვითამაშოთ.
საფეხბურთო აკადემიაში მთავარი ელემენტარული პრობლემების მოგვარებაა. აუცილებელია, უცხოეთში ბევრ ტურნირზე ითამაშონ, რათა თანამედროვე ფეხბურთის სისწრაფესა და დატვირთვასთან ადაპტირდნენ. ქართველი ბავშვები თავიდან კარგები არიან, ასაკობრივ ნაკრებებშიც რაღაც დონეზე წარმატებით თამაშობენ, მაგრამ მერე ფიზიკურად ვერ ვითარდებიან. ეს პრობლემები მაღალი დონის მწვრთნელების გარეშე ვერ მოგვარდება. ამიტომ „ატლეტიკის“ მიზანი ბევრი პროლიცენზიის მქონე მწვრთნელისა და ფიზმომზადების სპეციალისტის დასაქმებაა.
ქართველების პრობლემა ფიზიკური მომზადებაა. რა შეუძლია ქართველ ფეხბურთელს, ფიზიკურად ძლიერი თუ იქნება, ამის მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა. ამიტომ ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, რომ ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები აღვზარდოთ, რომლებიც ინდივიდუალურადაც ძლიერები იქნებიან. ბავშვები ზომიერებას უნდა შევაჩვიოთ, ყველაფრის აკრძალვა დაუშვებელია, მათ ინდივიდუალური თვისებები არ უნდა დავუკარგოთ“, – ამბობს გიორგი შაშიაშვილი.