გიორგი შაშიაშვილი - განახლებულმა „სამტრედიამ“ გულშემატკივრებს შედეგიანი ფეხბურთი უნდა აჩვენოს #1TVSPORT
გიორგი შაშიაშვილი - განახლებულმა „სამტრედიამ“ გულშემატკივრებს შედეგიანი ფეხბურთი უნდა აჩვენოს #1TVSPORT

„სამტრედიას“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი შაშიაშვილმა შეკრება და განვლილი მატჩები შეაფასა და კომენტარი ახალწვეულებზეც გააკეთა.

„მოსამზადებელ ეტაპზე ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და რა თქმა უნდა, დიდი დატვირთვებია. „სამტრედიაში“ ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი გვყავს, ანტონიო, რომელიც ძალიან კარგი სპეციალისტია და გუნდს შეკრებაზე საკმაოდ კარგად ამზადებს. გუნდის კონდიციებიც ნელ-ნელა ოფიცილური თამაშებისთვის სასურველ დონეს უახლოვდება.

თითქმის ყველა ამხანაგური თამაში განსხვავებული შემადგენლობით ჩავატარეთ და თითქმის ყველა ფეხბურთელი 45 წუთი ვათამაშეთ. იყო ექსპერიმენტები და ვცდილობთ, ის მოთამაშეები შევარჩიოთ, რომლებიც სეზონის პირველ მატჩს უკეთეს ფორმაში ხვდებიან.

გვყავს ორი ახალწვეული – 19 წლის ჩიტაიშვილი ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა. ასევე ვაკვირდებით განელ ლეგიონერს, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველია. ამხანაგური თამაშებიდან გამომდინარე გადაწყდება, მასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.

შეკრებაზე ცოტა გოლს ვუშვებდით, მაგრამ პრობლემა შეტევაა და სეზონის დაწყებამდე დარჩენილ დროში ამ პრობლემის მოგვარებას შევეცდებით, ფაქტია, რომ ბოლო ფაზაში მეტი კრეატრიულობა უნდა გამოვიჩინოთ. ბოლო საკონტროლო შეხვედრა 19 თებერვალს გვაქვს და სავარაუდოდ, შემადგენლობა ისევ გადახალისდება.

უკვე უნდა გამოიკვეთოს ძირითადი ბირთვი, რომელიც 25 თებერვალს „თელავთან“ სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს. პირველი ტურები ყოველთვის რთულია, მაგრამ ჩვენი მიზანი საკუთარ მოედანზე გამარჯვება იქნება. შევეცდებით, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ახალი გუნდით შედეგიანი და ბრძოლისუნარიანი თამაში ვაჩვენოთ“, – ამბობს გიორგი შაშიაშვილი.