გიორგი შარვაშიძე - საქართველომ უნდა მიაღწიოს ნიშნულს, რომელიც აუცილებელია, რათა ცოდნაზე დამყარებული საზოგადოება გვყავდეს
გიორგი შარვაშიძე - საქართველომ უნდა მიაღწიოს ნიშნულს, რომელიც აუცილებელია, რათა ცოდნაზე დამყარებული საზოგადოება გვყავდეს

საქართველომ უნდა მიაღწიოს ნიშნულს, რომელიც აუცილებელია, რათა ცოდნაზე დამყარებული საზოგადოება გვყავდეს, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ნიშნული აუცილებელია, რათა ქვეყანაში გაჩნდეს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა და ეს ქვეყანა იყოს კარგი სტანდარტების მქონე ევროპული ქვეყანა. 6% ეს არ არის ჩვეულებრივი ციფრი. სხვათა შორის, მშპ-ს საკმაოდ სერიოზული ზრდა არის დაფინანსებისა. დღევანდელ დონეს ვერც შევადარებთ“, – განაცხადა შარვაშიძემ.

ამ განცხადებით გიორგი შარვაშიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას გულისხმობს განათლების ახალი კონცეფცია.

მისი თქმით, მთავარი უნდა იყოს განათლების ხარისხი.

„განათლების სისტემაში უნდა შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო. სისტემამ უნდა შეძლოს, კერძო ინვესტორისთვის საინტერესო გახდეს და ინვესტიციები მოიზიდოს. თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის მიმართულებები, რომლებიც აუცილებელია, სახელმწიფომ დააფინანსოს. ეს არის ტრადიციული მიმართულებები, რომლებიც უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში და სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე მათი გადარჩენა არ იქნება. მეორე მთავარი, ეს არის კვლევა, მეცნიერების განვითარება, მეცნიერების დაბრუნება აუდიტორიებში და მისი სწავლებასთან შერწყმა“, – განაცხადა შარვაშიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდიდან და როგორ აისახება შედეგები უნივერსიტეტებზე, გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებთან მიმართებაში მთავარია, დაფინანსების ფორმულა შეიცვალოს.

„ძირითადი პრობლემა არის დაფინანსების ფორმულა – არასწორი დაფინანსების სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს და რომელიც უნივერსიტეტებს თვითგანვითარების საშულებას არ აძლევს. ეს ფორმულა უნდა შეიცვალოს და იმედია, შეიცვლება. ის ხარისხზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა სტუდენტების რაოდენობაზე. მთავარი ისაა, რომ უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული დაფინანსება. ანუ, თუ კარგი შედეგები გაქვს, მაღალი დონის დაფინანსება გექნება“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.