გიორგი შარვაშიძე - პირველად ჩვენს ისტორიაში, თსუ-ში 5 700 პირველკურსელი შემოვა, მზად ვართ, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები
გიორგი შარვაშიძე - პირველად ჩვენს ისტორიაში, თსუ-ში 5 700 პირველკურსელი შემოვა, მზად ვართ, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები

საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, სიმწიფის გამოცდა ჩააბარა, – განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ეს არის აღსანიშნავი, რადგან პანდემიის ეს პერიოდი ძალიან კარგად გავიარეთ. ამ გამოწვევას ასევე უპასუხა ზოგადად განათლების სისტემამ“, – განაცხადა შარვაშიძემ.

მისი თქმით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს უპრეცედენტო მიღება აქვს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველად ჩვენს ისტორიაში, 5 700 პირველკურსელი შემოვა. თუმცა, ყველა პირობა მზად გვაქვს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მოთხოვნები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის წაყენებული. რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ ჩვენს რაინდებთან, რომლებიც საქართველოს პანდემიისგან იცავენ და დიდი კმაყოფილებით მინდა, აღვნიშნო, რომ ბევრი მათგანი თსუ-ს პროფესორია“, – განაცხადა შარვაშიძემ.

როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, სტუდენტები და პროფესურა ძალიან მცირე დროში გადაეწყო ონლაინ სწავლებაზე და ამისთვის გამოყენებული იყო მსოფლიოში არსებული ყველა პლატფორმა, თუმცა, ჩვეულებრივ სწავლებას არაფერი შეცვლის.

„თუმცა, ბევრი სიახლე ვისწავლეთ და დაგვრჩება კიდეც. პანდემიამ მხოლოდ ნეგატიური არ მოიტანა, პოზიტიური ამბებიც არის. მათ შორის, ეს დისტანციური სწავლების ელემენტები, რომელიც შემოდის და, რომელიც პოზიტიურად მოქმედებს სწავლების ხარისხზე. ძალიან შრომატევადი გახდა ჩვენი მუშაობა, როგორც პროფესორების. თუმცა, ასევე შრომატევადი გახდა სტუდენტებისთვის. რაც შეეხება ხარისხის მაჩვენებლებს, ჩვენ ამას ვსწავლობთ, ჩაღრმავებულ კვლევებს ვატარებთ და პირველი რეზულტატები, რაც მივიღეთ, საკმაოდ საიმედოა იმ თვალსაზრისით, რომ ხარისხმა არ დაიკლო და პირიქით, რიგ მიმართულებებში გაძლიერდა. ეს ძალიან კარგის მანიშნებელია“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.