გიორგი შარვაშიძე - „მრავალფეროვანი საქართველო“ არის პროექტი, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა აკეთებდეს
გიორგი შარვაშიძე - „მრავალფეროვანი საქართველო“ არის პროექტი, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა აკეთებდეს

„მრავალფეროვანი საქართველო“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ პროექტ “მრავალფეროვანი საქართველოს” პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, „მრავალფეროვანი საქართველო“ არის ის პროექტი, რასაც უნდა აკეთებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„ნამდვილად მიხარია, რომ დღეს გვაქვს საშუალება, ორ ენაზე დაიწყო მაუწყებლობა ინტერნეტ სივრცეში. ძალიან საინტერესო პროექტია, ახალგაზრდების კარგი გუნდია. ვუსურვებ მათ წარმატებას და გამოვთქვამ სურვილს, რომ კიდევ მეტ ენაზე გამოვიდეს გადაცემები. იმედია, იქნება აფხაზურ და ოსურ ენებზე უფრო მეტი გადაცემა. რაც ხელს შეუწყობს ყველა ეთნიკურ უმცირესობას ინტეგრაციის საქმეში და საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის როლს შეასრულებს. პირველი უნივერსიტეტი ულოცავს პირველ არხს ამ დიდ წარმატებას”, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

პირველმა არხმა ახალი პროექტის, „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია დღეს გამართა.

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთისა და სომხეთის ელჩები, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.