გიორგი შარვაშიძე - განათლების კუთხით გერმანიასთან თანამშრომლობა გაგრძელდება
გიორგი შარვაშიძე - განათლების კუთხით გერმანიასთან თანამშრომლობა გაგრძელდება

განათლების კუთხით გერმანიასთან თანამშრომლობა გაგრძელდება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიასთან თანამშრომლობა ძირითადად სამეცნიერო კუთხით გაღრმავდება.

„გერმანიის კანცლერის შეფასებებმა მოლოდინს გადააჭარბა. სტუდენტებს ძალიან საინტერესო შეკითხვები ჰქონდათ. შეკითხვების დიდი ნაწილი ეხებოდა ოკუპაციას და ტერიტორიებს. ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა. ანგელა მერკელი მეცნიერია, მისთვის ძალიან ახლოა საუნივერსიტეტო სივრცე და კარგია, რომ სტუდენტებმა ასეთი ზუსტი პასუხები მიიღეს. გამოჩნდა, რომ ჩვენი სტუდენტობა და საზოგადოება მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ევროგაერთიანება არის ჩვენი უახლოესი მომავალი და ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. გერმანიასთან თანამშრომლობა განათლების კუთხითაც გაგრძელდება. ძირითადად, თანამშრომლობა გაღრმავდება სამეცნიერო კუთხით, რომელიც შეეხება განვითარებას, ინოვაციებსა და ეკოლოგიას“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.