გიორგი შარვაშიძე - არის უნივერსიტეტები, რომლებსაც მიკი მაუსებს ვეძახი და ძალიან სწყინთ
გიორგი შარვაშიძე - არის უნივერსიტეტები, რომლებსაც მიკი მაუსებს ვეძახი და ძალიან სწყინთ

საქართველოში საკმაოდ კარგი უნივერსიტეტები გვაქვს, მაგრამ არის ის უნივერსიტეტები, რომლებსაც მიკი მაუსებს ვეძახი და ძალიან სწყინთ ხოლმე, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„არის ბევრი უნივერსიტეტი, რომელიც ხარისხიან განათლებას არ იძლევა, დიპლომს იძლევა და მერე, ეს ცოდნისა და დიპლომის დევალვაციას იწვევს“, – განაცხადა შარვაშიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია, რომ ქართულმა უნივერსიტეტებმა უახლოეს მომავალში ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტებს გაუწიონ კონკურენცია, გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, რომ ასეთი საუბარი ძალიან სწყინს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს კვლევითი უნივერსიტეტების ტოპ ორ პროცენტში შედის. მსოფლიოში 26 000 გლობალური ინპაქტის მქონე უნივერსიტეტია და მათ შორის, თსუ შედის ამ რაოდენობაში. „გლობალ ნიუს ენდ უორლდ რიპორტის“ მიხედვით, ჩვენ შარშან, მსოფლიოში 356-ე ადგილზე გავედით, რაც საკმაოდ მაღალი ადგილია. ბევრი უნივერსიტეტი, რომელიც გვგონია, რომ ძალიან განვითარებულია, გაცილებით დაბალ პოზიციას იკავებს“, – განაცხადა შარვაშიძემ.

გიორგი შარვაშიძემ ასევე განაცხადა, რომ განათლების სისტემას ყოველთვის ორი მთავარი სტრატეგიული წერტილი აქვს – სკოლამდელი აღზრდა და მეცნიერება, დასაწყისი და დაგვირგვინება.