გიორგი შარაშიძე - წარმოდგენილი კანონპროექტების მიზანია, „ოცნებამ“ მაქსიმალურად ჩაახშოს განსხვავებული აზრი, მოკლას სამოქალაქო სექტორი და შეზღუდოს პოლიტიკური პარტიების განვითარება
გიორგი შარაშიძე - წარმოდგენილი კანონპროექტების მიზანია, „ოცნებამ“ მაქსიმალურად ჩაახშოს განსხვავებული აზრი, მოკლას სამოქალაქო სექტორი და შეზღუდოს პოლიტიკური პარტიების განვითარება

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტები განსხვავებული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად.

შარაშიძის თქმით, აღნიშნულ ცვლილებებს მისი გუნდის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება.

„ეს არის მორიგი სიგიჟე, „ოცნების“ შიშები, რომ მათ, შეიძლება, დემოკრატიის არსებობის პირობებში ხელისუფლება ძალიან მალე დაკარგონ. ჩვენ გამჭვირვალობის საწინააღმდეგო არასდროს არაფერი გვქონია, მაგრამ ეს უკვე გამჭვირვალობის ფარგლებს სცილდება. ეს კანონპროექტები პირდაპირ ისახავს მიზნად, რომ „ოცნებამ“ მაქსიმალურად ჩაახშოს ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

მიზანია, მოკლას სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური პარტიების განვითარება ყველანაირად შეზღუდოს. პირდაპირ თუ ირიბად ეს ცვლილებები საქართველოს, ფაქტობრივად, ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, რომელსაც შეიძლება, განსხვავებული აზრი გაუჩნდეს „ოცნების“ პოლიტიკასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებს ჩვენი გუნდის არანაირი მხარდაჭერა არ ექნება. ვინმე თუ ასაკრძალია, პირველ რიგში, ეს თავად „ოცნებაა“, რომელიც ადასტურებს, რომ ყოფილა რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს ფულს პარავს. რეჟიმს, რომელსაც ამდენი კორუმპირებული პრემიერი, მინისტრი და თანამდებობის პირი ჰყავს, საერთოდ მორალური უფლებაც არ აქვს, სხვის აკრძალვაზე ისაუბროს“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ზუსტდება გრანტების განმარტება. ამავდროულად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.