გიორგი შარაშიძე - საქართველომ უნდა მიაღწიოს იმას, რომ დასავლური სამყაროს დღის წესრიგში დარჩეს, მხოლოდ მისასალმებელია, თუ ევროკავშირის დოკუმენტის სამუშაო ვერსია ამ პროცესს ხელს შეუწყობს
საქართველო დასავლური სამყაროს დღის წესრიგში უნდა დარჩეს – საქართველოს საკითხები არ გადაწყდეს ევროპის, აშშ-ის საერთო მოლაპარაკებების გარეშე და რუსეთთან პირისპირ არ დარჩეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, მხოლოდ მისასალმებელია, ევროკავშირის დოკუმენტის სამუშაო ვერსია ამ პროცესს ხელს თუ შეუწყობს.
შარაშიძეს კითხვა დაუსვეს კაია კალასის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინასთან მოლაპარაკების დროს რუსეთის დათმობებს ეხება. დოკუმენტში საუბარია საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნაზეც.
გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია ჯერ ცნობილი არ არის და კომენტარის გაკეთება რთულია.
„როგორც ცნობილია, ეს სამუშაო დოკუმენტია და ევროკავშირის ოფიციალური პოზიციის გაცნობამდე რაიმე კომენტარის გაკეთება რთულია. საქართველომ რასაც უნდა მიაღწიოს, არის, რომ ქვეყანა დასავლური სამყაროს დღის წესრიგში დარჩეს – საქართველოს საკითხები არ გადაწყდეს ევროპის, აშშ-ის საერთო მოლაპარაკებების გარეშე და რუსეთთან პირისპირ არ დარჩეს. იყო დრო, როცა საქართველოს საამისოდ გამყარებული პოზიციები ჰქონდა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის ევროკავშირის ეს სამუშაო ვერსია, ამ პროცესს ხელს თუ შეუწყობს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისასალმებელია. ვიდრე ოფიციალური პოზიცია ცნობილი არ იქნება, ამ საკითხისგან არც განსაკუთრებული მოლოდინი უნდა შევქმნათ და არც მნიშვნელობა დავაკნინოთ, სულ მცირე, იქამდე, ვიდრე ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია არ გვეცოდინება“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.