გიორგი შარაშიძე – სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, გონიერებას და ზომიერებას მოუხმოს, ვინ არის მონა, ჩვენზე კარგად არავინ იცის, ხომ არ გავახსენოთ, რომ 4 ოქტომბრის უკან ერთ-ერთი პოლიტიკოსი თავად იყო

00:18, 22.10.2026

სალომე ზურაბიშვილისგან რაც დღეს მოვისმინეთ, არის არათუ მხოლოდ მიუღებელი, არამედ ვურჩევდი მას და მისი გადასაწყვეტია, ნებავს, რჩევად მიიღოს და ნებავს, გაფრთხილებად, უბრალოდ, დროულად მოთოკოს საკუთარი ემოციები, ვინ არის მონა, ეს ჩვენზე კარგად არავინ იცის, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით გიორგი შარაშიძემ შეაფასა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება, სადაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „სამარცხვინოა ის, რომ გახარიას პარტია რაღაცნირად კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ მე კარგი ვარო, კარგი მონა ვარო, კიდევ დაგემონებით და ვიქნებით ბოლომდე თქვენიო. იმ დროს, როცა ასეთი რამ ხდება, არც სოლიდარობა, არც გულშემატკივრობა სხვების… თუ მათი ხელფასები და ადგილები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს უნდა ვიცოდეთ“.

„ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს – და ალბათ ბოლოჯერ ვახსენებ, როგორც ქალბატონს – პირდაპირ ვურჩევ, ცოტა გონიერებას და ზომიერებას მოუხმოს. ის, რაც დღეს მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან, ეს არის არათუ მხოლოდ მიუღებელი, არამედ ვურჩევდი მას, და ეს მისი გადასაწყვეტია, ნებავს, რჩევად მიიღოს და ნებავს, გაფრთხილებად, უბრალოდ, დროულად მოთოკოს საკუთარი ემოციები. ვინ არის მონა, ვინ-ვინ და, ეს ჩვენზე კარგად არავინ იცის. ვის რა მოტივაცია აქვს საკუთარი განცხადებების, მათ შორის, დღეს, ესეც ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად, თუ ვინმემ იცის. ასე რომ, რაც მალე მოუხმობს ამ გონიერებას სალომე ზურაბიშვილი, მით უკეთესი იქნება მისთვის, მით უფრო, იმ ფონზე, რაც დღეს ხდება, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში. ხომ არ გავახსენოთ მას, რომ სწორედ 4 ოქტომბრის, იმ უპასუხისმგებლო პროვოკაციის და ავანტურის უკან ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვინც იდგა – შეცდომაში შეყვანილი იყო თუ განზრახ მონაწილეობდა ამ პროცესში, თავად აუხსნას საზოგადოებას – სალომე ზურაბიშვილი იყო. სხვათა შორის, 4 ოქტომბერი რომ არ მომხდარიყო, ეს დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოც არ შედგებოდა. 4 ოქტომბერი იყო ის უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რამაც „ოცნებას“ მისცა დამატებითი ლეგიტიმაცია, გაამყარა „ოცნების“ ვერტიკალი და მისცა დამატებითი ლეგიტიმაცია და საფუძველი, რომ სწორედაც დღევანდელ დღემდე მისულიყო. ნაცვლად იმისა, სალომე ზურაბიშვილს ამაზე პასუხისმგებლობა აეღო, გამოსულიყო და განემარტა იმ ხალხისთვის ან რამე ნაბიჯი მაინც გადაედგა იმ ათეულობით მართლა ტყუილად შეცდომაში შეყვანილი ხალხის დასახმარებლად, ვინც აბსოლუტურად უსამართლოდ და ტყუილად იხდიან სასჯელს და კიდევ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, გამოდის და რაზე საუბრობს საერთოდ? ამიტომ ვამბობ, ნებავს, მიიღოს ეს გაფრთხილებად და ნებავს, რჩევად, რომ მოუხმოს გონიერებას“, – განაცხადა შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„მივედით ამ სარჩელის აბსურდულობამდე და რატომ ვითხოვთ ჩვენ ჩვენი საქმის გამოყოფას? ჩვენ არც ბოიკოტთან, არც ძალადობასთან, არც მშვიდობიან თუ არამშვიდობიან დამხობასთან არასდროს არანაირი შეხება არ გვქონია“, – აღნიშნა შარაშიძემ.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ხელისუფლების პოზიცია, რომ გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში შესვლას გადაწყვეტილება მხოლოდ 4 ოქტომბრის შემდეგ მიიღო და ისინი ელოდებოდნენ 4 ოქტომბრის მოვლენების განვითარებას, რაზეც შარაშიძემ განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური პარტიის დამატება ბოლო მომენტში მოხდა აბსოლუტურად ხელოვნურად და მათ საკმარისი დროც კი არ ჰქონდათ ამ სარჩელისთვის მოსამზადებლად.

„ჩვენთვის ეს არ არის პრობლემა, გავუმკლავდებით როგორმე და დღესაც ნახეთ, რამდენად ძლიერი პოზიციები დააფიქსირა ჩვენმა წარმომადგენელმა, ჩვენმა გუნდმა. ამ ხელოვნურობის და აბსურდულობის ჩვენება მარტო ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიზნებისთვის არ გვინდა, ჩვენ ეს გვჭირდება, რომ საზოგადოებას, ხალხს დავანახოთ, სინამდვილეში „ოცნებას“ რა მოტივაცია აქვს და, ფაქტობრივად, არ მივცეთ „ოცნებას“ საშუალება, რომ ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუოს და დააჯეროს, რომ ამა თუ იმ კონსტიტუციური მუხლის დარღვევის გამო კრძალავენ ამა თუ იმ პარტიას. „ოცნების“ მიზანია ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის აკრძალვა; განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადება; ამ ქვეყანაში ერთპარტიული სისტემის დამყარება, ანუ, დიქტატურის დამყარება; ოპოზიციური სპექტრის ასე ხელოვნურად მართვა, ფსევდოოპოზიციის შექმნა, რასაც აქამდეც აკეთებდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით გააქტიურებულია“, – განაცხადა შარაშიძემ.

მისი თქმით, როდესაც ბოიკოტისტებზეა საუბარი, „ქართულ ოცნებას“ ზოგადი გზავნილი, მესიჯბოქსი აქვს, რომ ბოიკოტისებს კრძალავენ და ამბობენ მარტივ რამეს, რომ ეს პარტიები თუ ბოიკოტის მომხრე არიან და არჩევნებში არ მონაწილეობენ, მაშინ რა აზრი აქვს ამ პარტიების არსებობას, მაგრამ ამას ამბობენ ზოგადად და ეს არ ეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის“.

როგორც შარაშიძემ აღნიშნა, სხვადასხვა პარტიას შეიძლება ჰქონდეს ის ამოცანა, დაამტკიცონ, რომ, შეიძლება, სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ მოყვანილი ფაქტები თავისთავად, როგორც ფაქტი, მართალია, მაგრამ ეს არ არის პარტიის აკრძალვის საფუძველი, „გახარია საქართველოსთვის“ შემთხვევაში კი სრულიად განსხვავებული ვითარებაა და მათ მარტო ის კი არ აქვთ სამტკიცებელი, რომ ეს ფაქტები არ არის მათი პარტიის აკრძალვის საფუძველი, არამედ ისიც, რომ თავად ეს ფაქტებია აბსურდი და ეს ფაქტები სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება.

მსგავსი