გიორგი შარაშიძე - „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს საქართველო იზოლაციაში მოაქციოს, მგონი, დიდი სურვილიც არ აქვს, ევროკავშირის გაფართოების ფორუმს დაესწროს
მგონი, „ოცნებას“ დიდი სურვილიც არ აქვს, ასეთ ფორუმს დაესწროს, რადგან საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მიზანმიმართულად ცდილობს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარაშიძემ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ არის მიწვეული.
„„ქართულ ოცნებას“ უნდა ვკითხოთ, ევროკავშირს სხვა გზა დაუტოვეს, რომ საქართველო ასეთ მნიშვნელოვან ფორუმზე იყოს მიწვეული? მგონი, „ოცნებას“ დიდი სურვილიც არ აქვს, ასეთ ფორუმს დაესწროს, რადგან საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მიზანმიმართულად ცდილობს. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ასეთ ფორუმებზე არ მიიწვიონ. თუ იწვევენ, მაინც არ დადიან. იყო შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ევროპულ ფორუმზე მისვლაზე აბსურდული საბაბით თქვეს უარი. „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი ქვეყნისთვის კი არ უნდა, არამედ პარტიისთვის, რომ დემოკრატიული ნორმების გარეშე საკუთარი საქმიანობა გააგრძელოს, რაც ემსახურება არა ქვეყნის, არამედ მათ კეთილდღეობას“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.