გიორგი შარაშიძე – ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა, როცა არჩევნებზე ხმას არ მისცემს
ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“ და ბევრი დანაშაულის გამო არც მიხეილ სააკაშვილს მივიჩნევთ პოლიტიკურ პატიმრად. პარტია ხალხმა უნდა აკრძალოს, როდესაც არჩევნებზე მივა და ამ პარტიას ხმას არ მისცემს. ეს პარტიისთვის ყველაზე დიდი განაჩენია. ამაზე მწარე განაჩენი არ არსებობს. შესაბამისად, ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო სარჩელში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დამატება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ავტოკრატიულ რეჟიმებში ასეთი რამ შეიძლება მოხდეს.
„რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, ამბობენ, თითქოს მანდატებს გვინარჩუნებენ და ა.შ. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალა არ შექმნილა იმისთვის, რომ რომელიმე ერთი მოწვევის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატი შესულიყო. ხანგრძლივი მიზნები და ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკური გზა გვაქვს, რომელსაც დამოუკიდებლად მივყვებით. ჩვენი მთავარი მიზანია არა პარლამენტში ყოფნა, არამედ არჩევნების გზით „ოცნების“ მოძალადე და დამნაშავე რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. „ქართული ოცნება“ თუ ჩვენთვის ამ მექანიზმის წართმევას იმიტომ ცდილობს, რომ პოლიტიკური ოპონირების რესურსი აღარ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში სრული უმრავლესობა აქვთ, ერთადერთი ოპოზიციური პარტია ვართ და ამის ატანაც არ შეუძლიათ, ეს უკვე სხვა რამეა და ამას ხალხი ხედავს. სამწუხაროა, რომ ის ავტოკრატია, რაც „ოცნებამ“ შექმნა, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით იჩენს თავს. ჩვენთვის ეს განსაკუთრებული მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან ვიცით, რომ ავტოკრატიულ რეჟიმებში ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენ პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ვართ. შესაბამისად, რეალობას თვალს ვუსწორებთ, ამიტომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.