გიორგი შარაშიძე – სამწუხაროდ, კორუფცია ისეთი სენია, გამონაკლისები ხდება ისეთ ქვეყნებშიც, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია

12:32, 30.10.2026

კორუფცია არცერთ ქვეყანაში არ არის მისაღები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ისეთი სენია, რომ გამონაკლისები ისეთ ქვეყნებშიც ხდება, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, — ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძეს კითხვა დაუსვეს ProPublica-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FBI იძიებდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, რომლის ფიგურანტები იყვნენ სენატორი ლინდსი გრემი, კონგრესმენები ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი.

როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ შეიძლება, რაც ეს ფაქტები დადატურდება.

„თქვენ რაზეც საუბრობთ, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციაა. სულ მცირე, ამ ინფორმაციის დადასტურებამდე და მისი სანდოობის დადასტურებამდე პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასეთ საკითხზე კომენტარს საერთოდ არ უნდა აკეთებდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურდება, რა თქმა უნდა, კორუფცია არცერთ ქვეყანაში მისაღები არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ისეთი სენია, რომ გამონაკლისები ისეთ ქვეყნებშიც ხდება, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. განსხვავებით საქართველოსგან, სადაც „ოცნებამ“ კორუფცია აქცია სისტემურად და პირდაპირ კორუფციის ჭაობში ჩაფლო ქვეყანა, სისტემურ პოლიტიკურ კორუფციას ჩაუყარა საფუძველი, ამერიკაში, დემოკრატიულ ქვეყნებში თუნდაც ერთი მცირედი გადაცდომის გამო ძალიან მწარედ ისჯება ყველა, ვინც კი შეიძლება, კორუფციაში იყოს ჩართული. ასე რომ, ჯერ ამ ფაქტის დადასტურებას დაველოდოთ და შემდეგ გავაკეთოთ სხვა შეფასებები. ზოგადად, ლობიზმი კანონით დაშვებულია. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის ჯო უილსონის, არ მინდა, მჯეროდეს, რომ ვინმე ამას ამერიკის კონგრესში აკეთებს მხოლოდ ლობისტური ინტერესებიდან გამომდინარე“, — განაცხადა შარაშიძემ.

მსგავსი