გიორგი შარაშიძე - დღეს საპარლამენტო ბოიკოტზე გადაწყვეტილების ცვლილებას არ ვაპირებთ, რამე თუ შეიცვლება არჩევნებამდე ან მას შემდეგ, ჩვენგან გაიგებთ
გიორგი შარაშიძე - დღეს საპარლამენტო ბოიკოტზე გადაწყვეტილების ცვლილებას არ ვაპირებთ, რამე თუ შეიცვლება არჩევნებამდე ან მას შემდეგ, ჩვენგან გაიგებთ

შეცდომის აღიარება ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალისთვის, არასდროს ყოფილა პრობლემა, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძემ კომენტარი გააკეთა, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, სადაც გახარიამ საპარლამენტო მანდატებზე უარს შეცდომა უწოდა და თავისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა.

„შეცდომის აღიარება არ ნიშნავს, რომ რამე შეიცვალა, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“ და სხვა პოლიტიკური ძალებისგან. შეცდომის აღიარება ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალისთვის არასდროს ყოფილა პრობლემა. შეცდომის აღიარება არის ერთი და მეორეა, ვიცვლით თუ არა ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას და გადაწყვეტილებას ბოიკოტთან დაკავშირებით. მინდა, გითხრათ დაზუსტებით, რომ ჩვენ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით პოზიცია არ შეგვიცვლია. ვინმეს რომ ამ პარლამენტში შესვლა ნდომოდა, თავად გიორგი გახარია იქნებოდა დღეს პარლამენტის დეპუტატი, მათ შორის, იმუნიტეტით აღჭურვილი და ჩვენი სიის პირველი 12 წევრი. ამაზე დაფიქრდით. მგონი, ძალიან ლოგიკურია, რომ ვინმეს თუ უნდოდა პარლამენტში შესვლა, გიორგი გახარია იყო ჩვენი სიის პირველი ნომერი და ის იქნებოდა დღეს საქართველოს პარლამენტში, მას ექნებოდა იმუნიტეტი. ეს რომ სდომოდა, კიდევ უფრო ეფექტური იქნებოდა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რადგან ეს იყო ჩვენი გუნდის ერთობლივი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა. დღეს ამ გადაწყვეტილების ცვლილებას არ ვაპირებთ. რამე თუ შეიცვლება, არჩევნებამდე იქნება თუ მას შემდეგ, ამას გაიგებთ ჩვენგან“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.