გიორგი შარაშიძე – ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის გამონახავს კანონიერ გზებს და საშუალებებს, რათა გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანობისთვის, ჩვენი მოქმედება იქნება კანონიერი, მაგრამ მწვავე
გიორგი გახარიას მიმართ დაწყებულია პერსონალური შურისძიება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩორჩანას საქმე, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაჩქარებული ტემპით მიდის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდს ვინც მოესწრო, ყველას ახსოვს ღამის სასამართლოები, ღამის ნოტარიუსები და პარტიას ეს დრო გაახსენდა, როდესაც გასულ კვირას ერთ-ერთი სხდომა შუაღამემდე გრძელდებოდა.
„სასამართლოს აქვს დავალება, გიორგი გახარიას წინააღმდეგ შეთითხნილი ჩორჩანას საქმე მოესწროს და დაეწიოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს საქმე არა მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ტერიტორიული ინტერესების, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ აღძრული საქმეა და ასე შევა ისტორიაში. მომდევნო კვირაში ჩორჩანას საქმეზე სასამართლო, დიდი ალბათობით, გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ იმართება ერთი ხელით. ამის შემდეგ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს ჩვენთან დაკავშირებით?“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დღეს, როცა მოსამართლეების კითხვებს უსმენდა, დარჩა თუ არა განცდა, რომ პლენუმი აუცილებლად გაიზიარებს და მთლიანად დააკმაყოფილებს სარჩელს, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ასე იქნება,
რადგან გადაწყვეტილება მიღებულია.
„ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, დღეს, იგივე ევა გოცირიძის კითხვების ნაწილი, კრიტიკული იყო, ობიექტური და მართლაც ისეთი კითხვა, რომლის მოსმენაც სავარაუდოდ, საქართველოს ყველა მოქალაქეს სურდა, მაგრამ იყო კითხვების ნაწილი, რომელიც პირიქით, ეხმარებოდა მოსარჩელე მხარეს და ფაქტობრივად, კითხვების გარკვეული ნაწილი პასუხებსაც კი შეიცავდა. ამას თავი რომ დავანებოთ, არ დაგვავიწყდეს, მტკიცებულებების განხილვის ეტაპი ფაქტობრივად, საერთოდ გააუქმა, საერთოდ გამოტოვა სასამართლომ“, – განაცხადა შარაშიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკურ ძალას როდესაც აბრალებენ 4 ოქტომბერთან რაიმე კავშირს, უტიფრობასაც აქვს საზღვარი.
„4 ოქტომბერს არათუ ვემიჯნებოდით, ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინასწარ, 4 ოქტომბრამდე დიდი ხნით ადრე, აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ 4 ოქტომბერი იყო „ოცნების“ მიერ დაგეგმილი, პროვოცირებული ავანტიურა და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ამ ავანტიურაში მონაწილეობა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, დღეს „ოცნება“ უსამართლოდ, აბსურდული ბრალდებებით თუ მიაღებინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აკრძალავს მათ პარტიას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მათ მანდატებსაც აუქმებენ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ ესახებათ პოლიტიკურ სივრცეში დარჩენა, თუ გახარიას პარტიას არაკონსტიტუციურად გამოაცხადებენ, ახალი პარტიის დაფუძნების გეგმა აქვთ, თუ რა ალტერნატივას განიხილავენ, გიორგი შარაძიძემ განაცხადა, რომ ერთადერთი ალტერნატივაა ბრძოლის გაგრძელება.
„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის შეძლებს, გამონახოს კანონიერი გზები და საშუალებები, რათა გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანობისთვის. რას გავაკეთებთ და როგორ, ამაზე საუბარი ადრეა. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებას. სამოქმედო სცენარი შეიძლება, რამდენიმე გვქონდეს, მაგრამ ამაზე საუბარი ადრეც არის და ვერც იმის ფუფუნებას მივცემთ „ოცნებას“, წინსწრებით იცოდეს ჩვენი გეგმების შესახებ. მიუხედავად ასეთი უკანონობისა, რასაც სჩადიან ჩვენს წინააღმდეგ და ზოგადად, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, ჩვენი მოქმედება იქნება კანონიერი, მაგრამ მწვავე. ჩვენი გუნდიდან არავინ აპირებს არც დანებებას, არც გაჩერებას, არც ბრძოლის შეწყვეტას და არც იმ ფაქტთან შეგუებას, რომ საქართველო, რომლის დემოკრატიული განვითარებისთვის ქართველმა ხალხმა და ჩვენმა პარტნიორებმა, ამერიკელებმა, ევროპელებმა, უზარმაზარი რესურსი ჩადეს, დაგვეხმარნენ, ეს ქვეყანა ყოფილიყო წელში გამართული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი ქვეყანა, დღეს იქცეს პირდაპირ დიქტატურად“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.