გიორგი შარაშიძე – ათთვიანი ლოდინის შემდეგ ელჩი რწმუნებათა სიგელებს გადასცემს გერმანიის პრეზიდენტს, თურმე ეს სასიხარულო ამბავია, „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ აქამდე მიიყვანა საქმე

13:18, 23.07.2026

განსაკუთრებული ჟივილ-ხივილია ატეხილი, რა უხარია „ქართულ ოცნებას“? იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს, მათ შორის გერმანიასთან, რა უნდა გვიხაროდეს, რომ ათთვიანი ლოდინის შემდეგ თურმე ჩვენი ელჩი რწმუნებათა სიგელებს გადასცემს გერმანიის პრეზიდენტს? ეს სასიხარულო ამბავია? – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ჩვენი ელჩები რწმუნებათა სიგელებს დაუყოვნებლივ უნდა გადასცემდნენ და არა ათი თვის ლოდინის შემდეგ“.

„ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგედიაა, „ქართულმა ოცნებამ“ ასეთ ვითარებაში რომ ჩაიგდო თავი, რომ ასეთი ამბები უხარია, ასეთი ამბებისგან ცდილობს, განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა გამოიყვანოს, თორემ, რა თქმა უნდა, გერმანიასთანაც, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვინდა და ვითხოვთ, ურთიერთობები არა თუ ნორმალიზდეს, არამედ, სულ მცირე, იმ დონეს დაუბრუნდეს, რა დონეზეც იყო. გერმანიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, გერმანიას საქართველოს განვითარებაში უზარმაზარი რესურსი აქვს ჩადებული, მაგრამ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“?კარგად იცით, როგორი თავდასხმა, სრულიად შეუფერებელი რიტორიკა გვესმოდა გერმანიის მიმართ და ეს გერმანიის ელჩის, ბატონი ფიშერის მიმართ არ იყო. რიტორიკა იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის მთავრობა იძულებული გახდა, წერილი გამოეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებისთვის შეეხსენებინა, რომ ელჩი მათ ინტერესებს წარმოადგენს, ელჩზე თავდასხმა გერმანიაზე თავდასხმას ნიშნავს. „ქართულმა ოცნებამ“ ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანა საქმე, მისი პასუხისმგებლობაა, თორემ ჩვენი ელჩები რწმუნებათა სიგელებს დაუყოვნებლივ უნდა გადასცემდნენ და არა ათი თვის ლოდინის შემდეგ. თავისთავად, ფაქტი კარგია და ჩვენც ეს გვინდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ რატომ მიიყვანა მდგომარეობა იქამდე, რომ ასეთი ამბავი სასიხარულო და განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყოს“?“ – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შარაშიძეს ასევე კითხვა დაუსვეს იმის თაობაზე, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად, ილია დარჩიაშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მითითებული. ჟურნალისტმა შარაშიძეს ჰკითხა, როგორ შეაფასებდა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს პეტერ ფიშერის წასვლას და საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვას უკავშირებს?

გიორგი შარაშიძის თქმით, არ ჰგონია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან ინფორმაციის წაშლა ელჩის წასვლასთან იყოს დაკავშირებული.

„„ქართული ოცნება“ ნუ ცდილობს, ყველაფერი ელჩს გადააბრალოს. პირველ რიგში, პრობლემა თავის თავში ეძებოს. არ მგონია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან ინფორმაციის წაშლა პირდაპირ ელჩის წასვლასთან იყოს დაკავშირებული და რაიმე ურთიერთკავშირი არსებობდეს. „ქართული ოცნება“ ტყუილად ცდილობს, ყველაფერი ელჩს გადააბრალოს. ფიშერი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში დაბრკოლება არ იყო. პოზიტიურ გზავნილად მიგვაჩნია ყველაფერი, რაც საქართველოს ევროპული მომავლის ინტერესს მოემსახურება და იმას, რომ საქართველო, სულ მცირე, დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ვიყავით, როდესაც ევროპულ სახელმწიფოებთან მჭიდრო ურთიერთობები გვქონდა“, – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა.

მსგავსი