გიორგი შარაბიძე - გადათვლილია 25 00-მდე ამომრჩევლის ხმა, აქედან შემაჯამებელ ოქმებში უმნიშვნელო შესწორებები თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებშია შეტანილი
გიორგი შარაბიძე - გადათვლილია 25 00-მდე ამომრჩევლის ხმა, აქედან შემაჯამებელ ოქმებში უმნიშვნელო შესწორებები თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებშია შეტანილი

გადათვლილია 25 00-მდე ამომრჩევლის ხმა და აქედან, შემაჯამებელ ოქმებში უმნიშვნელო შესწორებები თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებშია შეტანილი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„შეიძლება, 39 უბანი ვინმესთვის ცოტაა, მაგრამ უპრეცედენტო შემთხვევაა ის, როცა საქართველოს საარჩევნო ისტორიაში 39 უბანი ხელახლა გადაითვალა. ეს 39 უბანი 2 500-მდე ამომრჩევლის ხმას ეხება. მინდა, დავამატო ისიც, რომ მხოლოდ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევაში უმნიშვნელოდ ჩასწორდა მონაცემები. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კოლეგას საია-დან, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთ გახსნილ უბანზე რაღაცები შეცდომით მარტო ერთი სუბიექტის სასარგებლოდ კი არ იყო მითვლილი, არამედ რამდენიმე სუბიექტის სასრგებლოდ. ეს არის საარჩევნო პრაქტიკა. საარჩევნო პრაქტიკის თავისებურებები ასეთია. ოღონდ, თუ ეს გონივრულ რაოდენობას სცდება, მაშინ, რა თქმა უნდა, იქნებოდა შესაბამისი რეაგირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადათვლილია 25 00-მდე ამომრჩევლის ხმა და აქედან, შემაჯამებელ ოქმებში უმნიშვნელო შესწორებები თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებშია შეტანილი“, – განაცხადა შარაბიძემ.

მისი თქმით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ 1 900-მდე საჩივარი იქნა შეტანილი, მაგრამ ეს ამ არჩევნების აღმოჩენა არ არის.

„სხვათა შორის, პოლიტიკური სუბიექტების მიერ შეტანილი საჩივრების რაოდენობა არ არის მარტო ამ არჩევნების ასე ვთქვათ, აღმოჩენა. ძალიან ბევრ არჩევნებზე და მათ შორის, ბოლო არჩევნების შემდეგ საერთაშორისო კვლევაც არსებობს, რა არის ხოლმე ასეთი ტიპის საჩივრების მიზანი. ეს კვლევები იცნობს როგორც ე.წ სტატისტიკურ საჩივრებს, ასევე არაუფლებამოსილი პირების მიერ შეტანილ საჩივრებს“, – განაცხადა შარაბიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ როცა საოლქო საარჩევნო კომისიებს ამის საშუალება მიეცათ, ხმები ხელახლა თავიანთი ინიციატივითაც გადათვალეს.

როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე განხილვისას, არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობას არაერთგზის ჰქონდა ადგილი და იმედი გამოთქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ ანგარიშებში ამ ფაქტებსაც დააფიქსირებენ.

მისივე თქმით, თუ პროცესის ობიექტურად დაკვირვებით და შეფასებით კითხვის ნიშნები კიდევ დარჩება, ცესკო პასუხისმგებლობას არ გაექცევა.

„სტატისტიკას, თუ რამდენი საჩივარია შემოსული, რამდენი დაკმაყოფილებული, რამდენი ნაწილობრივ დაკმაყოფილებული და რამდენი სრულად, ჩვენი საჩივრების რეესტრის მიხედვით, დაინტერესებული პირი ადვილად გაუყვება“, – განაცხადა შარაბიძემ.