გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რვა სრულწლოვანი პირის პროცესზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რვა სრულწლოვანი პირის პროცესზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის სრულწლოვნების ეპიზოდის არსებითი განხილვა გრძელდება. საუბარია ჯგუფურ ძალადობაზე, ძალადობის ორგანიზებაზე, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე, რომელზეც რვა პირია ბრალდებული.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხა.

პროკურორის განცხადებით, მოწმეები მცხეთაში, აგარაკზე მყოფი პირები იყვნენ, რომლებმაც კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

„ბრალდების მხარის მიერ დაიკითხა შვიდი მოწმე, რომლებიც იყვნენ სტუმრები დაბადების დღეზ, 18 ივნისს. მათ ისაუბრეს 18 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. მათი ჩვენებებით ხდება იდენტიფიცირება იმ პირების, ვინც უშუალოდ მიიღო ჩხუბში მონაწილეობა. ასევე ისაუბრეს ჩხუბის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, თუ როგორ დატოვეს შემთხვევის ადგილი, ვისთან ერთად და რა გახდა მათთვის ცნობილი. მათ დაადასტურეს გამოძიებაში მათ მიერ მიცემული ჩვენებები“, – განაცხადა პროკურორმა, ვახტანგ ცალუღელაშვილმა.

დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე კონფლიქტის დაწყების მიზეზებზე ვერ ისაუბრეს და კონკრეტული პირები არ დაუსახელებიათ.

„ბრალდების მხარის მოწმეებისგან შევიტყვეთ, რომ ისინი ესწრებოდნენ აგარაკზე განვითარებულ მოვლენებს. კონკრეტული მოწმეების ჩვენებებით, ვისაც დღეს მოუსმინა სასამართლომ, დასახელებული არ ყოფილა კონკრეტული დაზიანების მიყენების ფაქტი. ზოგადად, მათ უპასუხეს სასამართლოს, რომ მათთვის ცნობილია აგარაკზე განვითარებული კონფლიქტის თაობაზე. ის, რომ კონკრეტულად მიეთითებინათ, ვინ მიიღო მონაწილეობა, რაც მათ პირადად აქვთ დანახული, ასეთის თაობაზე სასამართლოს ვერ მიაწოდეს  ინფორმაცია, ვინაიდან ასეთის შემსწრე არ არიან“, – განაცხადა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.