გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რვა ბრალდებულის პროცესი ბრალდების მოწმეების გამოკითხვით განახლდება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რვა ბრალდებულის პროცესი ბრალდების მოწმეების გამოკითხვით განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რვა ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება.

საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე 10 მოწმეს წარმოადგენს. დავით ჭიკაიძის განცხადებით, იმ მოწმეებიდან, რომლებიც დღეს დაიკითხებიან, ნაწილი აგარაკზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას. ასევე დაიკითხება ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი და გამომძიებელი, რომელმაც კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.

„ჩემი ინფორმაციით, ბრალდების მხარე აპირებს, წარმოადგინოს 10 მოწმე და შესაბამისად, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით დაისმება კითხვები როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ. მითითებული პირებიდან ზოგიერთი მათგანი ფლობს ინფორმაციას აგარაკის ეპიზოდთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე. რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის გამოკითხვაც იგეგმება. ჩემი ინფორმაციით, ასევე დაიკითხება ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელმაც რაღაც კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.