გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვახტანგ ახვლედიანი დაიკითხება. მისი უფლებადამცველის განცხადებით, ახვლედიანი სასამართლოს მიაწოდებს მისთვის ცნობილ ინფორმაციას, რაც არაერთხელ აქვს გაჟღერებული. ბრალდების მხარის განმარტებით, მოწმე ისაუბრებს არაგვის ხიდთან განვითარებულ მოვლენებზე. დაცვის მხარის განცხადებით, ახვლედიანისგან არსებით ინფორმაციას არ ელოდებიან.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხება ორი სამედიცინო ექსპერტი.

„ვახტანგ ახვლედიანი დაზარალებულის სტატუსით ერთხელ უკვე დაკითხულია სასამართლოში, რაიმე განსაკუთრებული და ახალი დღეს არაფერი იქნება. იმ ჩვენების დადასტურება იქნება, ვინაიდან რაც მისთვის ცნობილი იყო, ეს განაცხადა გამოძიებაშიც, სასამართლოშიც და დღესაც ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს“, – განაცხადა  ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატმა,  კახა წერეთელმა.

„ახვლედიანს მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება აქვს მიცემული გამოძიების პერიოდში, მთავარი გარემოება რაც არის, რომ მას დაენახა რაიმე შემხებლობა ბრალდებულების, არასრულწლოვნის და შაქარაშვილის, ასეთ რამეს არ ამბობს. საუბარი იმაზე, რომ იქ ჩხუბის დროს იყო გინება, გასაგეია მაგრამ აქ მთავარი ერთი რამაა – რა შემხებლობა ჰქონდათ ამ პირებს შაქარაშვილთან, შეხვდნენ თუ არა მას, რა მდგომარეობაში და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები შაქარაშვილმა და შემდეგ როგორ აღმოჩნდა ის წყალში, ამას არცერთი მოწმე არ საუბრობს, მათ შორის, არც ახვლედიანი“, – აცხადებს ზ.ხ-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.

საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი დაცვის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

დაცვის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მინდა გამოვეხმაურო ექსპერტების დაკითხვასთან დაკავშირებით, სადაც მიზანმიმართულად არის მოწმეების ჩვენებების ინტერპრეტაცია არასწორად გაკეთებული. ექსპერტებმა ცალსახად გამორიცხეს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მდინარეში ჩავარდნის შემდეგ მიეღო. ასევე დაისვა კითხვები, მდინარეში ფეხით გადაადგილებისას შეიძლებოდა თუ არა, ამ დაზიანებების მიღება. ექსპერტებმა ახსნეს მექანიზმი, რომ მდინარეში ფეხით გადაადგილების შემთხვევაში რა სახის დაზიანებები შეიძლებოდა მიეღო ადამიანს. ასეთი დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს სხეულზე არ აქვს. ერთ-ერთი გარემოება იყო ასევე, გიორგი შაქარაშვილს წყალში ჩავარდნის შედეგად შეეძლო თუ არა მიეღო ეს დაზიანებები. საუბარია, პატარა და დიდ ხიდზე, ანუ არაგვის ხიდიდან გადმოვარდნის შემთხვევაში, მიიღებდა თუ არა ის ამ დაზიანებებს. ექსპერტებმა ეს გარემოება ცალსახად გამორიცხეს, რომ გიორგი შაქარაშვილს შემთხვევის ადგილზე არსებული შესაძლო გადმოსავარდნი ადგილებიდან – ეს არის პატარა და დიდი ხიდი, იქიდან გადმოვარდნის შემთხვევაში მიეღო ის დაზიანებები, რაც მას სხეულზე აქვს, შესაბამისად, ეს ნაწილიც გამოირიციხა. ასევე, ექსპერტების მიერ შესწავლილ იქნა შემთხვევის ადგილი, იქ არსებული სხვადასხვა ნიადაგი, ქვები და ა.შ. მათი განმარტებით, გიორგი შაქარაშვილს ეს დაზიანებები იქ თვითონ არ მიუღია. ბევრი ვისაუბრეთ მუცლის არეში არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელიც ექსპერტებმა განმარტეს, რომ შესაძლებელია ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგად იყოს მიყენებული, ცალსახად გამორიცხეს, რომ ის დაზიანება, რომელიც გიორგი შაქარაშვილს მუცლის არეში აქვს, რამეზე დაცემის შემთხვევაში მიეღო. შესაბამისად, ნებისმიერი საგანი, რაც არ უნდა ყოფილიყო შემთხვევის ადგილზე, იმაზე დაცემის შედეგად, გიორგი შაქარაშვილი ამ დაზიანებებს ვერ მიიღებდა, თუნდაც, ნებისმიერ სხვა პირობაში დაცემის შედეგად. იგივე მოცემულობაა მუცლის არეში არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით. კითხვები დაისვა, მანქანის შეჯახების შედეგად შეიძლებოდა ყოფილიყო თუ არა, ესეც ექსპერტებმა ცალსახად გამორიცხეს, იქ არ იყო სპეციალური ნიშნები. ასევე, იმ დაზიანების ლოკალიზაციიდან გამომდინარე, იმ შემთვევაში, თუ ეს დაზიანება ვთქვათ, ბეტონის საგანზე იქნებოდა, ან ჯებირზე, რომელიც შემთხვევის ადგილზეა, ამ შემთხვევაში აუცილებლად ძვლებიც იქნებოდა დაზიანებული. დღევანდელ პროცესზე იკითხება ვახტანგ ახვლედიანი და ორი ექსპერტი, ერთი კრიმინალისტია და მეორე ინფორმატიული ექსპერტია. რაც შეეხება იმას, თუ რა ფაქტს შეესწრო ახვლედიანი, ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ დაიწყო თავდასხმის მომენტები, ჯერ „მერსედესის“ მგზავრები ესხმიან თავს გიორგი შაქარაშვილს, მასთან ერთად მყოფ პირებს, მათ შორის, ვახტანგ ახვლედიანსდა სხვა პირებს, შემდეგ უკვე, „ქამრის“ მგზავრები, ანუ წარმოდგენილი ბრალდებულები და მძღოლი ესხმიან თავს შაქარაშვილს და დანარჩენ პირებს. ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი შაქარაშვილი ფაქტობრივად, ბოლოს ერთად გარბიან, ახვლედიანის შემალვის შემდეგ უკვე გიორგი შაქარაშვილი აგრძელებს მოძრაობას, რის შემდეგაც მას 3 ადამიანი მისდევს, ანუ ის გარემოებები, რაზეც ვახტანგ ახვლედიანი საუბრობს, პირდაპირ შემხებლობაშია მკვლელობის საქმესთან და უშუალოდ იმ პირების ბრალეულლობასთან, რომლებიც მკვლელობის ბრალდებით არიან სასამართლოში არიან წარმოდგენილი, ის 3 ადამიანი, ვინც შაქარაშვილს მისდევდა, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებულია, რაც შეეხება ახვლედიანს, მისი ჩვენებიდანაც ირკვევა – მან აღნაგობა, გარეგნობა დაინახა ამ ადამიანების, თუმცა, იდენტიფიკაცია უშუალოდ მის მიერ ვერ მოხდა, თუმცა, ეს 3 ადამიანი იმ ხუთი ბრალდებულიდანაა. იქიდან გამომდინარე, რომ ვახტანგ ახვლედიანი საკმაოდ ბევრ რამეს შეესწრო, კითხვები იქნება“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.