გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გურამ ამირხანაშვილის დაკითხვა დასრულდა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გურამ ამირხანაშვილის დაკითხვა დასრულდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმე გურამ ამირხანაშვილის დაკითხვა დასრულდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გურამ ამირხანაშვილის ადვოკატის, ეკა ხუციშვილის განაცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.

„ამ საქმესთან დაკავშირებით ამირხანაშვილმა გამოძიებას მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი იყო. დღესაც მან ეს ინფორმაცია დაადასტურა რა თქმა უნდა, ჩვენებებს შორის მცირე წინააღმდეგობები იყო და მან ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას გასცა ამომწურავი და სრულყოფილი პასუხი.

რაც შეეხება, იმ ფაქტს, რატომ არ დაუკავშირდა ის პოლიციას მაშინვე, ამირხანაშვილს ჰქონდა განცდა, რომ იგი იპოვეს პირველი და გიორგი შაქარაშვილს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ამიტომ არ განაცხადა პოლიციაში. შეატყობინა მეგობარს, რომ წასულიყვნენ და წამოეყვანათ ადგილიდან“, – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

ამასთან, ადვოკატმა ამირხანაშვილის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს შორის მცირე წინააღმდეგობების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, ამირხანაშვილი ემოციური ფონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და თავდაპირველად გარკვეული დეტალები არ ახსოვდა.

ხუციშვილის თქმითვე, 19 ივნისის ღამეს მომხდარი ინციდენტების შემდეგ, ამირხანაშვილს თავდაპირველად ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ უთხრა, მანქანაში ჩამჯდარიყო.

„დღეს მან ბოლო ჩვენება დაადასტურა, აღნიშნა, რომ იყო ემოციური ფონის ქვეშ და მას რაღაც დეტალები არ ახსოვდა, შემდგომში უკვე ნელ-ნელა ხდებოდა ამ გარემოებებისა და ფაქტების დაზუსტება, შევსება მისი ჩვენებით.

რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით საკითხს, ამირხანაშვილმა განმარტა, რომ მისი აზრით, თავისუფლების აღკვეთა ძალადობრივ ქმედებასთან იყო დაკავშირებული. ვინაიდან მის მიმართ ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა, ჩათვალა, ეს არ იყო თავისუფლების აღკვეთა. ხოლო შემდგომში გაიგო, რომ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ძალადობრივი ქმედებით არ გამოიხატებოდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გურამ ამირხანაშვილი გიორგი შაქარაშვილის მეგობარია, რომელიც 19 ივნისის ღამეს მცხეთის მაგისტრალზე შაქარაშვილთან ერთად იმყოფებიდა.