გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სამ პირზე შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სამ პირზე შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის, საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ დღეს შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში საბა ჩხარტიშვილის უფლებადამცველი დავით ჭიკაიძე აცხადებს, აღნიშნულის საფუძველი ამნისტიის ახალი აქტია, რომელიც ბრალდებულებს ეხებათ. ასევე, აღნიშნულ ეპიზოდზე დაზარალებულები, ვახტანგ ჩიქოვანი და ნ. ხ. დღევანდელ პროცესზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ცოტა ხანში დაიწყება.

„ჩემი ინფორმაციით, დღეს პროცესზე შესაძლოა, გამოცხადდნენ ვახტანგ ჩიქოვანი და ნ. ხ. მათი ჩვენების შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საბა ჩხარტიშვილისა და დანარჩენი ორი ბრალდებულის მიმართ გაავრცელებს თუ არა 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის აქტს. მათთვის ბრალად შერაცხულ მუხლებზე ამნისტიის აქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება და შესაბამისად, დღეს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი 11 იანვარს შეეცვალათ. მათ ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.