გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს დაზარალებულად ცნობილ კონსტანტინე ღიბრაძეს დაკითხავენ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს დაზარალებულად ცნობილ კონსტანტინე ღიბრაძეს დაკითხავენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნების პროცესზე დაზარალებულად ცნობილ კონსტანტინე ღიბრაძეს დაკითხავენ.

კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი კოკო), რომელიც 19 ივნისის წვეულების მონაწილეა და მცხეთის მაგისტრალზე გიორგი შაქარაშვილთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც თავს დაესხნენ, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. დღესვე დაიკითხება მოწმე ლერი მჭედლიძეც, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადაადგილდებოდა.

ადვოკატების შეფასებით, კონსტანტინე ღიბრაძის ჩვენებას საქმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ის მაგისტრალის ინციდენტიდან პირველი წავიდა და ბევრ ინფორმაციას არ ფლობს.

„კოკო ღიბრაზე თავიდანვე განერიდა ავტობანზე მომხდარ დაპირისპირებას თუმცა, მის მიერ მიცემული ჩვენებები საფუძვლიან ეჭვს იწვევს ვიფიქროთ, მასზე განხორციელდა ზემოქმედება სამართალდამცველების მხრიდან.  ღიბრაძეს არსებითად საწინააღმდეგო ჩვენება აქვს მიცემული, ისეთი განმარტებები არის გაკეთებული, რაც პირდაპირ ინტერესშია ბრალდების მხარესთან“, – განაცხადა ბრალდებული გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ.

პროკურორის თქმით კი მოწმე ღიბრაძე იმ ფაქტებზე ისაუბრებს, რომელსაც შეესწრო.

„დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი დაზარალებული, კონსტანტინე ღიბრაძე დაიკითხება. ასევე წარმოდგენილია მოწმე ლერი მჭედლიძე და გამოკვლევა მოხდება ვიდეომასალისა და წერილობითი მტკიცებულებების. ლერი მჭედლიძე სატრანსპორტო საშუალებით მაშინ გადაადგილდებოდა, როცა „მერსედესის“ მგზავრების მიერ თავდასხმა ხორციელდებოდა. კონსტანტინე ღიბრაძე არის დაზარალებული, ის არ შესწრებია ძალადობის განხორციელების ყველა ეპიზოდს, თუმცა, იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ, მასთან, როგორც დაზარალებულთან განხორციელდა, მოლოდინი გვაქვს, რისი შემასწრეც არის, იმას დაადასტურებს“, – განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.