გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანიას ადვოკატი - ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, სიმართლეს არ შეესაბამება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანიას ადვოკატი - ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, სიმართლეს არ შეესაბამება

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის, ნიკა ჟვანიას ადვოკატის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატის, გიორგი ყაველაშვილის თქმით, მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტს განუმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენების მიცემის პირველივე დღიდანვე ადასტურებდა და აღიარებდა ინციდენტში გარკვეული მონაწილეობის ფაქტს. თუმცა ამას ბრალის ნაწილობრივ ან მთლიანად აღიარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„პირველ რიგში, მინდა, განვმარტო, რომ არავითარი სამართლებრივი სტატუსი არ შეცვლილა. არც ბრალის აღიარება მომხდარა, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ. ერთ-ერთ ჟურნალისტს განვუმარტეთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენების მიცემის პირველივე დღიდანვე ადასტურებდა და აღიარებდა ინციდენტში გარკვეული მონაწილეობის ფაქტს. თუმცა ამას ბრალის ნაწილობრივ ან მთლიანად აღიარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ის არ ეთანხმება მის მიმართ წარდგენილ კვალიფიკაციას. ჩვენ განმარტება მივეცით მედიას და შესაძლოა, მათი მხრიდან ესე იქნა ინტერპრეტირებული და აღქმული, რომ ბრალის ნაწილობრივ ან მთლიანად აღიარებას ჰქონდა ადგილი. მსგავსი შინაარსის ან სამართლებრივი ქმედება, ან რაიმე განცხადება პროკურატურის მიმართ ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. ყველაფერი საქმეში არის უცვლელად. მათ შორის ჩვენება, რომელიც სულ პირველად მისცა. ბრალის მიმართ დამოკიდებულებაც და სიახლე ამ თვალსაზრისით არაფერი არ გახდა. ახალი ერთადერთი ის არის, რომ მე ვარ ახალჩართული ამ საქმეში, ვეცნობი საქმის მასალებს. მქონდა კომუნიკაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. ვემზადებით, რომ ბრალთან მიმართულებაში ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია“,- განაცხადა გიორგი ყაველაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აანალიზებს ფაქტს, რომ ინციდენტში მონაწილეობისთვის მას გარკვეული სასჯელი დაეკისრება, თუმცა გიორგი ყაველაშვილის განმარტებით, სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური.

„ვთვლით, რომ ტრაგედია, რაც მოხდა, საშინელებაა.  ამას არ უნდა დაემატოს ისეთი არასწორი შედეგებით დასრულებული მართლმსაჯულება, რომ ვიღაცა იმაზე მეტად დაისაჯოს, ვიდრე იმსახურებს, თორემ, ჟვანიაც შეგუებულია და აანალიზებს იმ ფაქტს, რომ ინციდენტში მონაწილისთვის მას რაღაც სასჯელი უნდა შეხვდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ მეტი არ უნდა მიიღოს არავინ“, – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი ყაველაშვილმა.