გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რვა ბრალდებულის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რვა ბრალდებულის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული რვა სრულწლოვანი პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით დღეს გაგრძელდება.

ბრალდებულ საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე, სამი მოწმე დაიკითხება, მათ შორის, სავარაუდოდ, აგარაკის მესაკუთრე და საქმის ერთ-ერთი მოწმე – ბარბარე ურიდია.

ადვოკატ დავით ჭიკაიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებულ ვახტანგ ჩიქოვანის მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით თანხმობაა.

„რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, დღეის მდგომარეობით, არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება. საბა ჩხარტიშვილის დაცვის მხარეს არ მიგვიმართავს ჯერ წერილობით საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, თუმცა იმისათვის, რომ ბრალდებასა და დაცვის მხარეს შორის გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, აუცილებელია, არსებობდეს დაზარალებულების თანხმობა და არსებობდეს ბრალის აღიარება. ჩემი ინფორმაციით, ვახტანგ ჩიქოვანის მხრიდან არის თანხმობა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, თუმცა წერილობითი დოკუმენტი ამის თაობაზე ჯერ არ არის შედგენილი, რაც აუცილებელია“, – განაცხადა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.

დღესვე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამი ბრალდებულის ეპიზოდზე გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი გაგრძელდება.

„გორის რაიონულ სასამართლოში გრძელდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი. 16 კანდიდატი გამოცხადდება. აქედან ჩვენ შევეცდებით, შევარჩიოთ ისეთი ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც შეძლებენ საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანას“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.