გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე 10 მოწმეს დაკითხავენ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე 10 მოწმეს დაკითხავენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე 10 მოწმეს დაკითხავენ.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. დღეს დაგეგმილია ათი მოწმის დაკითხვა.

პროკურატურის ინფორმაციით, დასაკითხ მოწმეებს შორის არიან გამომძიებლები ექსპერტები და ასევე 18 ივნისის წვეულების მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი. მათ შორის ის პირები, რომლებსაც გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებაში კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას ახდენენ, რომლებიც ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. დღეს არ არის დაგეგმილი საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პირების დაკითხვა.

ადვოკატებს აქვთ მოლოდინი, დღეს დასაკითხი მოწმეები მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობაზე ვერ მიუთითებენ, რადგანაც უფლებადამცველების შეფასებით, ამ დრომდე საქმეზე დაკითხულ მოწმეებს კონკრეტულ პირთა ბრალეულობაზე არ უსაუბრიათ.

ადვოკატები დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ დააყენებენ საკითხს, რომ სასმართლო პროცესები კვირაში რამდენჯერმე აღარ დაინიშნოს და სხდომები ღამის საათებამდე აღარ გაგრძელდეს, რადგანაც მათი შეფასებით, ეს არასრულწლოვნების უფლებებს არღვევს და ადვოკატებს ასევე არ ეძლევათ საშუალება სრულყოფილად განახორციელონ ბრალდებულთა დაცვა.

ექვს არასრულწლოვანს გამოძიება ძალადობის ორგანიზებას მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებული ზ.ხ. არ ესწრება პროტესტის ნიშნად.