გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების ადვოკატებმა სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების ადვოკატებმა სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების ეპიზოდი დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის ნაწილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

უფლებადამცველების განცხადებით, დასკვნით სიტყვაში გაამახვილეს ყურადღება იმ მტკიცებულებებზე, რაც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მიმართ გამამართლებელ განაჩენს დააყენებს. მათი განმარტებით, საქმეში არის არაერთი მოწმის ჩვენება, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

„ჩვენ ანალიზი გავუკეთეთ იმ გამოკვლეულ მტკიცებულებას, რაც ზეპირად და უშუალოდ იქნა გამოკვლეული სასამართლოში, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალად წარდგენილი ბრალდება არის დაუსაბუთებელი ბრალდების მხარის მხრიდან. ბუნებრივია, არ დასტურდება ის გარემოებები, რაც მოყვანილია ბრალში, რომ თითქოსდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება განახორციელეს, არც ერთი ზარი არ დასტურდება ჩემი დაცვისქვეშ მყოფის მხრიდან და სხვა პირების მხრიდან. შესაბამისად, ეს გამორიცხავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მოახდენს სრულ სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება იქნება სწორ, სამართლიანი, დასაბუთებული, რაც იქნება კავშირში გამამართლებელ განაჩენთან“, – განაცხადა ლ.შ.-ს ადვოკატმა, ზაქრო გვიდიანმა.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დაცვის მხარეს დასკვნით სიტყვებში რაიმე ახალ ინფორმაციასა და მტკიცებულებაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. როგორც პროკურორმა განაცხადა, აღნიშნული მოცემულობით არასრულწლოვნების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებიან.

„მოლოდინისამებრ რაიმე ახალი მტკიცებულებაზე მითითება დაცვის მხარეს არ გაუკეთებია. მთელი დაცვის მხარის სტრატეგია დასკვნით სიტყვაში აგებული იყო ბრალდებულების მიერ მიცემული ურთიერთსაპირისპირო ჩვენებების ახსნაზე. კერძოდ ისინი ვერ უარყოფენ, რომ დევნას ჰქონდა ადგილი, თუმცა მიუთითებენ, რომ მხოლოდ იმიტომ მოხდა დაზარალებულების დევნა, რომ გაერკვიათ, სად იყვნენ მცხეთაში დარჩენილი მათი მეგობრები ლ.შ და გ.მ. ასევე, ასეთმა ფრაზამ გაიჟღერა, რომ თითქოსდა სპონტანურად გაიგეს, რომ მათი მეგობრები იყვნენ დარჩენილები, არადა თვითონ ბრალდებულები აცხადებდნენ ჩვენებებში, რონ მათ გააჩერეს გზაში მანქანები საუბარია ქამრიში და მერსედესში მყოფ პირებზე. ცხადია, ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, საღი აზრის კრიტერიუმებითაც კი და ამ ყველაფერზე ბრალდების მხარე ისაუბრებს რეპლიკის ეტაპზე. ამ მოცემულობით, რასაც დაცვის მხარე წარმოადგენს სასამართლოში ვფიქრობთ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი აშკარაა“, – განაცხადა პროკურორმა, ირაკლი სანიკიძემ.