გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ
გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საქმის მასალები განიხილეს.

„გიდასტურებთ, რომ შეხვედრა შედგა, დღეს გიორგის მშობლები ჩემთან ერთად შეხვდნენ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და ასევე რამდენიმე თანამდებობის პირს, რომლებიც უშუალოდ კურირებენ საქმის გამოძიებას. გავიარეთ საქმის მასალები. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ არსებულ პერსპექტივაზე, ჩამოვყალიბდით ჩვენს პოზიციებზე. ეს ადამიანები არიან გენერალური პროკურატურის საგამოძიებოს უფროსი რევაზ ბაღაშვილი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი და ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი გიგა ძნელაძე. ჩვენს შორის რა საუბარიც იყო, რჩება ჩვენს შორის. 19 ივნისის დადგენილებას თუ ნახავთ, ნახავთ იქ, რომ ამ საქმეში ჩართული იყო არა მცხეთის რაიონული საგამოძიებო ორგანოები, არამედ ცენტრალური შინაგან საქმეთა სამინისტრო, 19-შივე ფართომასშტაბიანი გამოძიება იყო. ეს არის საქმიანი შეხვედრები. საგამოძიები ვადების შესაძლო გაგრძელებაზე ჩვენ ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენი განცხადება, ანუ ვარაუდი გამოვთქვით ოჯახმა, რომ ეს საჭირო გახდებოდა, თუმცა ჩვენი გადასაწყვეტი არ იყო და ეს პროკურატურის საქმეა. ცხადი იყო, რომ ნებისმიერი გადათვლის შედეგად, ეს ვადა გახდებოდა აუცილებლად გასაგრძელებელი, ამას უამრავი მიზეზი აქვს, ეს არის ექსპერტიზების პასუხები, დარჩენილი საგამოძიებო მოქმედებები, ეს არის ის, რომ საბოლოო ჯამში არ ავჩქარდეთ და მაღალი სტანდარტით მივაწოდოთ გამოძიებას ეს საქმე, სადაც გამამტყუნებელ განაჩენს არ ექნება პრობლემა“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

ამასთან, ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებულების ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყოს, რადგანაც ამ შემთხვევაში სამართლებრივად შემჭიდროვებული ვადები არსებობს.

მისივე თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ექვსი პირისთვის  ამ ეტაპზეც შესაძლებელია ბრალის წარდგენა, თუმცა ნიკოლაძეს მიაჩნია, რომ მაღალი სტანდარტისთვის აუცილებელია ექსპერტიზის პასუხები, რომელიც დამატებითი მტკიცებულება იქნება.

„ბევრ მტკიცებულებას ველოდებით და ამას თქვენ ყველა გაიგებთ. რამოდენიმე სახის ექსპერტიზის დასკვნას, ჩვენებებს და ბევრი ნიუანსია. წინასწარ არ მინდა ამის დაანონსება. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მივაღწევთ იმ კონდიციას, როცა ბევრი საეჭვო რამ აღარ იქნება. არსებულ მტკიცებულებებშიც არის ამის საფუძველი, თუმცა ჯერ ჩემთვის შევინახავ“, – განაცხადა ნიკოლაძემ.