გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობის საქმე გახსნილია და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობის საქმე გახსნილია და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობის საქმე გახსნილია და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ამის შესახებ გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, გაგაცნოთ დაზარალებული ოჯახის პოზიცია გიორგის განზრახ მკვლელობის საქმეზე. ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია და დანაშაულის ჩამდენი პირები მართებულად არიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით. კონკრეტულად, საუბარია „ტოიოტა ქამრის“ ხუთ მგზავრზე.

მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრება მძღოლთან დაკავშირებით და არ ვიცოდით, ზუსტად რა პოზიცია ჩამოყალიბდებოდა, ვინაიდან ცოტა სპეციფიკური ამპლუა იყო მოცემულ შემთხვევაში, ვგულისხმობ დროს და ამ განვლილ ქრონომეტრაჟს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, დადგინდა, რომ ხუთმა პირმა ჩაიდინა გიორგის განზრახ მკვლელობა. დღეს არსებული მტკიცებულებების მიხედვით, რაც ოჯახისთვის არის ცნობილი, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, ამ საქმეს სასამართლოში არავითარი სამართლებრივი პრობლემა არ უნდა შეექმნას, ვინაიდან მტკიცების მაღალი სტანდარტი, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, დაკმაყოფილებულია.

„საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად დადგინდა, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მგზავრების გარდა, სხვა მანქანები, სხვა პირები და გარეშე ადამიანები შემთხვევის ადგილზე ფიზიკურად არ იყვნენ და ამ დანაშაულს სხვა ვერავინ განახორციელებდა. ამიტომ დაზარალებული ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს, არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდში, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ. ვგულისხმობ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეწყალებას და ა.შ.“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.