გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი გადაიდო.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების ჩამონათვალი წარმოადგინეს. მხარეები 15 სექტემბრისთვის გადადებულ სხდომაზე წარმოადგენენ შუამდგომლობებს აღნიშნული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. ბრალდების მხარის ინფორმაციით, მათ საქმეში წარმოადგინეს სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეომასალა და ასევე მოწმეების ჩვენებები.

ადვოკატები ითხოვენ, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე რამდენიმე პირის ჩვენება მოსამართლემ დაუშვებლად ცნოს, რადგან მათი შეფასებით, ამ მოწმეებს რამდენჯერმე აქვთ ჩვენება შეცვლილი.

ამასთან, ბრალდების მხარე ითხოვს, საქმეს არ დაერთოს ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების ნაწილი, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ჩვენებები საქმესთან შემხებლობაში არ არის. აღნიშნულ შუამდგომლობებს მხარეები მომდევნო სხდომაზე დააყენებენ. მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტს, გადაეცეს თუ არა საქმე არსებით განხილვას.