გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სამედიცინო ექსპერტები გამოიკითხებიან
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სამედიცინო ექსპერტები გამოიკითხებიან

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე სამედიცინო ექსპერტები გამოიკითხებიან, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის სხეულზე მიყენებულ დაზიანებებზე ისაუბრებენ.

როგორც სხდომამდე პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, მხარეები საქმის დასრულებას თებერვლის ბოლოსკენ ვარაუდობენ.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხებიან სამედიცინო, ასევე საინფორმაციო ექსპერტები. რაც შეეხება ახალი ექსპერტიზის დასკვნას, ის წინა პროცესებზე მივიღეთ, სხვა ახალი დასკვნა არ მიგვიღია. ბრალდებულების გარდა, ამ ეტაპზე 16 მოწმეა დარჩენილი, რომლებიც ძირითადად, სამედიცინო ექსპერტები არიან. ასევე, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი და ექსპერტ-კრიმინალისტი. ბრალდების მხარე გეგმავს და ფიქრობს, რომ თვის ბოლოს საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს, რის შემდეგაც, დასრულდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ვფიქრობ, ეს საქმე თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

ექსპერტებიდან ერთ-ერთს მონაწილეობა აქვს მიღებული ოთხივე ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ცხედრის გამოკვლევასთან არის დაკავშირებული. ის ყველა დასკვნის ირგვლივ ისაუბრებს. ასევე, მეორე ექსპერტი ჩართული იყო კომისიური წესით და ისაუბრებს ექსპერტიზის ყველა იმ დასკვნაზე, რომელიც მისი მონაწილეობით გაიცა. საუბარი იქნება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების, ასევე მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე“, – განაცხადა პროკურორმა.