გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი - სამართლიანობა აღდგება, გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრებთ
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი - სამართლიანობა აღდგება, გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრებთ

სამართალი კი არ აღსრულდა, სამართალი დღეს დასრულდა, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა.

მამულაშვილის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ჩვენ არ ველოდით. სამართალი კი არ აღსრულდა, სამართალი დღეს დასრულდა. სამართლიანობა დასრულდა, თუმცა აუცილებლად აღდგება სამართლიანობა. თუ არა საქართველოში, იმედი გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი, რადგან აპელაცია და კასაცია არის ისეთივე გვამები და მონები, როგორიც არის ბატონი სტურუა. ერთადერთი ბერკეტი გვაქვს, ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზებით“, – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა. საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირიდან სამ პირს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა. კიდევ ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.