გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს ექსპერტიზის შედეგები გამოიკვლიეს და სამი მოწმე დაკითხეს
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს ექსპერტიზის შედეგები გამოიკვლიეს და სამი მოწმე დაკითხეს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე თითქმის რვასაათიანი სასამართლო სხდომა ექსპერტიზის შედეგების გამოკვლევით და სამი მოწმის დაკითხვით დასრულდა.

დაცვის მხარემ სასამართლოში საკუთარი ექსპერტიზის შედეგები წარმოადგინა. დაცვის მხარე ამბობს, რომ აღნიშნული ექსპერტიზით პროკურატურის ვერსია თავდაყირა დგება. კერძოდ ის, რომ შაქარაშვილს ფიზიკურად ხუთი პირი გაუსწორდა.

პროკურატურის ვერსიით, ხუთი პირი შაქარაშვილს მდინარემდე ჩაჰყვა, „ტოიოტა ქამრიში“ კი მხოლოდ მძღოლი იყო დარჩენილი. დაცვის მხარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერის ექსპერტიზის შედეგად ამბობს, რომ ჩანაწერის მიხედვით, იღება ავტომობილის ორი კარი – მარჯვენა და მარცხენა, რითიც დასტურდება, რომ დროის იმ მონაკვეთში „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში, მძღოლის გარდა, სხვა პირი, ან პირები ისხდნენ.

პროკურორი აღნიშნულ ექსპერტიზას არ ენდობა, მას დაცვის მხარის სასარგებლოსა და სუბიექტურს უწოდებს.

გარდა ამისა, სხდომაზე აგარაკზე მყოფი ორი პირი და ასევე, პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიკითხა.

საქმის ამ ეპიზოდზე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა ხუთ პირს ედება ბრალად. მათ შორის ორი არასრულწლოვანია, რის გამოც, სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.