გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოში პროცესები ღიად წარიმართება
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოში პროცესები ღიად წარიმართება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა სხდომის გახსნისა და პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

უფლებადამცველების განცხადებით, ყველა მსჯავრდებული სრულწლოვანია, ამიტომ პროცესები ღიად უნდა წარიმართოს. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომა გახსნა.

რაც შეეხება პროკურორების აცილების საკითხს, სასამართლო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

პროცესის პარალელურად, სააპელაციო სასამართლოს წინ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს და სამართლიანი სასამართლო და ობიექტური გამოძიება მოითხოვეს.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოაცხადა და საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო.

საქმის განმხილველი მოსამართლის გადაწყვეტილებით, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ორ პირს, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს სასჯელის ზომად 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.