გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი განახლდება. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

ერთი-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაახლოებით 100 მოწმე არსებობს, თუმცა, არც ერთი მათგანი გამოკითხვის ოქმებში მკვლელობის ფაქტზე არ საუბრობს. როგორც ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, მოწმეებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ და არც ერთი მათგანი ბრალდების დადასტურების კუთხით ინფორმატიული არ არის.

„ვაგრძელებთ მცხეთის რაიონულ სასამართლოში 109-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების საქმის განხილვას. დაიკითხებიან მოწმეები. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ მოწმეებს მოიყვანს ბრალდების მხარე, ან რამდენ მოწმეს. თუმცა, დიდი მნიშვნელობა ამას ჩვენთვის არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი მათგანი არ არის პირდაპირი მოწმე. არც ერთი მოწმე, რომელიც დასახელებულია ამ საქმეში, არ საუბრობს იმ გარემოებებზე, რომლებიც დაეხმარება ბრალდების მხარეს ბრალის დადასტურებაში. შესაბამისად, არც ერთ მოწმეს არ ვანიჭებთ ისეთ მნიშვნელობას, რომ წინასწარ მოვემზადოთ მათი დაკითხვისთვის. ყველა მტკიცებულება უკვე წარდგენილია, ახალი მტკიცებულებები არ წარედგინება და ვიკვლევთ იმ მტკიცებულებებს, რაც ბრალდების მხარეს აქვს წარდგენილი. შემდეგ გადავალთ უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებებზე“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.