გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას უნდობლობას უცხადებს
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას უნდობლობას უცხადებს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას უნდობლობას უცხადებს და გამოძიებას მოწმეზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს.

საუბარია, შაქარაშვილის მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენებაზე, რომელიც მედიით გავრცელდა და რომელიც მკვლელობის ნაწილში მიმდინარე გამოძიების საქმეში დევს.

„ვის სჯერა იმ ჩვენების, რომელიც გავრცელდა მედიიის საშუალებით, სადაც ამირხანაშვილი საუბრობს, რომ თითქოსდა, მისი მეგობარი ათი წუთის წინ სასიკვდილოდ გაიმეტეს და წყალში ჩააგდეს და იგივე პირები ეუბნებიან ერთადერთ მეგობარს, ამირხანაშვილს, რომ იმედია, მან ცურვა კარგად იცის. ვის სჯერა ამ სიბრიყვის?! დარწმუნებული ვარ, ადექვატურობასთან პრეტენზია ვერ ექნება, ვის თავშიც ეს მოიხარშა და ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ ებრძვის სახელმწიფო და ამ შემთვევაში, საგამოძიებო ორგანოები კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულად ცნობილ პირებს, როგორ ახდენს ის ზეწოლას მოწმეებზე და როგორ ანადგურებს საქმეზე იმ ნივთმტკიცებებს და მტკიცებულებებს, რომელიც წარმოდგენილია და რომელიც ჩადებულია ამ სისხლის სამართლის საქმეში. ახლა, ვინ ადეკვატური დაიჯერებს ამირხანაშვილის მეხუთედ შეცვლილ ჩვენებას, სადაც ის საუბრობს, რომ მკვლელებმა განუცხადეს, რომ მისი მეგობარი ჩააგდეს წყალში. ეს არის აბსურდი და რეალობასთან ამას არანაირი საერთო არ აქვს“, – განაცხადა გელხაურმა.

დღეს, მედიაში გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალები გავრცელდა. საუბარია, გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, საქმის მთავარი მოწმის გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენებაზე.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე 12 აგვისტოს გააფრთხილა. 

საუბარია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები.