გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხუთი პირის პროცესი მიმდინარეობს
გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხუთი პირის პროცესი მიმდინარეობს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მხარეები მტკიცებულებების ნუსხას წარადგენენ.

„ბრალდების მხარემ დღევანდელ სხდომაზე 12 ტომი წარმოადგინა. ამ 12 ტომში ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ჩემი დასაცავი პირის, ნიკოლოზ რევაზიშვილის რაიმე სახის შემხებლობას დაადასტურებდა. შესაბამისად, სხდომაზე გვექნება შუამდგომლობა ნიკოლოზ რევაზიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდოჩანაწერების დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობა არ გვექნება. მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ პატიმრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა ხდებოდა, არაკონსტიტუციურად მიგვაჩნია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგადაც დასტურდება კონკრეტული ბრალდებულების უდანაშაულობა. ჩანაწერების საუბრის შინაარსიდანაც ირკვევა, რომ მათ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან რაიმე სახის შემხებლობა არ ჰქონიათ. ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებში კობა ჩიტიძისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის საუბარი არ შეესაბამება კობა ჩიტიძის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციას“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა კახიძემ.

ამასთან, ადვოკატი სამი მოწმის – კობა ჩიტიძის, გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობისა და დასაკითხ პირთა სიიდან მათი ამოღების თაობაზე დააყენებს შუამდგომლობას. დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლდ ცნობას მოითხოვს ბრალდების მხარეც.

„ჩვენ უმეტეს მტკიცებულებაზე, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, ვაყენებთ დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას იქიდან გამომდინარე, რომ ნაწილი მოპოვებულია კანონის დარღვევით, ხოლო ნაწილი საერთოდ შემხებლობაში არაა სისხლის სამართლის საქმესთან, თუნდაც მოწმეების ჩვენებები. გამოძიებამ გამოკითხა ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა, რამე ინფორმაცია ჰქონოდა. დაცვის მხარეს უნდა გაეკეთებინა ამ მტკიცებულებების ანალიზი და წარმოედგინა, თუმცა დაცვის მხარემ ერთიანად აიღო და მოიტანა სასამართლოში.

რაც შეეხება მათ შუამდგომლობას მოწმეების ამოღებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა, რომელიმე ბრალდებულის გამამართლებელი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, მოწმეების და მტკიცებულებების დისკრედიტაცია მოახდინონ და შეეცადონ, ის მოწმეები, რომლებიც მამხილებელ ინფორმაციას იძლევიან, ამორიცხონ“, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, გადავა თუ არა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე.

დატოვე კომენტარი