გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-ში რამდენიმე მოწმე გამოკითხეს
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-ში რამდენიმე მოწმე გამოკითხეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების გამოკითხვა დასრულდა. გამომძიებლების შეკითხვებს მარიამ ადეიშვილი, ლიზი ნადირაძე და მარიამ ხატისკაცი პასუხობდნენ. როგორც მათ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, გამოძიებამ სოციალურ ქსელთან დაკავშირებით დეტალები დააზუსტა.

ერთ-ერთი მოწმის, მარიამ ხატისკაცის განცხადებით, მას გიორგი შაქარაშვილი დაბადების დღეზე არ დაუპატიჟებია და მისთვის უცნობია, ვინ დაპატიჟა ფეხბურთელი. ხატისკაცის თქმით, შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ამავე საქმის ერთ-ერთი მოწმისგან, ლიზი ნადირაძისგან გაიგო.

„სოციალურ ქსელთან დაკავშირებით დაადგინეს რაღაც დეტალები და სოციალური ქსელები შეამოწმეს. მიმოწერასთან დაკავშირებით იყო კითხვები“,- განაცხადა მოწმე მარიან ხატისკაცმა.

კიდევ ერთი გამოკითხული მოწმის, მარიამ ადეიშვილის ინფორმაციით, უწყებაში გამოკითხვაზე სოციალური ქსელები შეამოწმეს.

„ამოიღეს ჩანაწერები და უბრალოდ შეგვიმოწმეს სოციალური ქსელები. დაბადების დღეზე ვიყავი მხოლოდ და შემდეგ წამოვედი სახლში. მეტი არაფერი ვიცი“,- განაცხადა ადეიშვილმა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება უკვე ოთხი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.