გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაისინჯება დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

როგორც ბრალდებულ ზ.ხ-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, არ აქვს მოლოდინი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას შეცვლის. მისივე თქმით, დღევანდელ შუამდგომლობებს განიხილავს ის მოსამართლე, ვინც ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

„სასამართლოზე განიხილება სხვადასხვა მტკიცებულებები. ეს იქნება გარკვეული მტკიცებულებების განხილვა, კერძოდ დაუშვებლობასთან დაკავშირებული შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობა და ეს იქნება დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებული შუამდგომლობა. აღნიშნულ შუამდგომლობებს აუცილებლად დავაყენებთ. რაც შეეხება, რამდენად დაკმაყოფილდება ჩვენი შუამდგომლობები, მოლოდინი დიდად არ გვაქვს, ვინაიდან რომელმა მოსამართლემაც განიხილა არასრულწლოვნების პირველი წარდგენა სასამართლოში და ვინც შეუფარდა მათ პატიმრობა, იგივე მოსამართლე ახდენს ამ შუამდგომლობების განხილვას. შესაბამისად, მოლოდინი ნაკლებად გვაქვს”, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ არასრულწლოვნები პატიმრობაში დარჩებიან.

„დღეს იქნება აღკვეთის ღონისძიებების განხილვა. ჩვენ მოლოდინში ვართ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი ლოგიკის თანახმად, ისინი უნდა დარჩნენ პატიმრობაში. ამიტომ, სხვა მოლოდინები არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და ჩვენ კატეგორიულები ვერ ვიქნებით. რაც შეეხება მტკიცებულების ნაწილს, ბუნებრივია, ადვოკატებს ექნებათ შუამდგომლობა, ეს იქნება სამუშაო რეჟიმი და გამოიკვეთება, რა და როგორ წარიმართება. არსებული მტკიცებულებებით ამ არასრულწლოვნებს 109-ე მუხლით უნდა წარედგინოთ ბრალი”,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.