გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის პროცესი დღეს განახლდება
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის პროცესი დღეს განახლდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება.

ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვით წარდგება.

როგორც ადვოკატი ამბობს, ასევე დღევანდელ პროცესზე შესაძლებელია, ბრალდების მხარემ წარმოადგინოს რამდენიმე მოწმე, თუმცა მისი განმარტებით, ეს მათთვის ჯერ არ არის ცნობილი.

„დაცვის მხარე წარვდგებით სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით. მოვახსენებთ სასამართლოს ჩვენს მოსაზრებას ზოგადად საქმესთან მიმართებაში, ასევე იმ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში, რაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ.

წინა პროცესზე ჩვენ მოვისმინეთ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა. იქ ფაქტობრივად საუბარი არ ყოფილა მკვლელობაზე. ძირითადად პროკურორი საუბრობდა მანქანების გადაადგილებაზე და თუ ვინ სად იმყოფებოდა. ეს არ არის გასაკვირი გამომდინარე იქიდან, რომ ვთვლით, ალბათ თავად ბრალდების მხარესაც არ სჯერა იმ აბსურდული ბრალდების, რაც ამ ხუთ პირს მათ წარუდგინეს. ისინიც დარწმუნებულები არიან, რომ ამ ადამიანებს არანაირი შემხებლობა არ აქვთ იმ დანაშაულთან, რის ჩადენასაც ისინი მათ ედავებიან.

დღევანდელ პროცესზე ასევე შესაძლებელია, ბრალდების მხარემ წარმოადგინოს რამდენიმე მოწმე, თუმცა ეს ჩვენთვის ჯერ არ არის ცნობილი. დეტალურად ვიცნობთ მათი გამოკითხვის ოქმებს. არც ერთი მათგანი არ საუბრობს მკვლელობაზე. შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი ალბათ ისაუბრებენ იმ გარემოებებზე, რაზეც საუბრობდნენ თავიანთ გამოკითხვის ოქმებში. არანაირი მოლოდინი იმისა, რომ რომელიმე რაიმე ისეთ გარემოებაზე ისაუბრებს, რაც ბრალდების მხარეს დაეხმარებოდა ბრალის დადასტურებაში, ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.